გოჩა რატიანი ბრიუსელში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. გოჩა რატიანი ნატოს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გოჩა რატიანმა ალიანსის წევრ ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების მიმდინარეობასა და უწყების სამომავლო პრიორიტეტებზე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები იქნება თავდაცვის მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტური განხორციელება და თავდაცვის სისტემაში რეფორმის ინსტიტუციონალიზაცია. გოჩა რატიანმა ისაუბრა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ერთობლივი წვრთნის, შეფასების ცენტრისა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. ყურადღება გამახვილდა პროფესიული განვითარების ცენტრის განვითარების პერსპექტივებზეც.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან თავდაცვის პოლიტიკის და დაგეგმვის საკითხებში ჯონათან პერიშთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან გენდერული მიმართულებით ელჩ მარია შურმანთან და კეთილსინდისიერების ამაღლების ჯგუფის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები