ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ამოცანაა, რიგის სამიტზე წარმატების მაგალითი ვიყოთ

ჩვენი ამოცანაა, რიგის სამიტზე კონკრეტული შედეგებით წარვსდგეთ და წარმატების მაგალითი ვიყოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის და ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე.
“უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს,”-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელსაც სრულფასოვანი ათვისება სჭირდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებზე. აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე იმყოფება.
“აქტიურად ვემზადებით მაისში რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის. ჩვენი ამოცანაა, სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით და როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორი, ვიყოთ წარმატების მაგალითი,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ერთობლივი განცხადებების გაკეთებამდე, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის ოქმის ხელმოწერის ცერემონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები