“უკრაინელებს ქართველებივით უყვართ პირველობა“

 

                            ანუ უსასყიდლოდ მოცემული ცხოვრება, რომელიც სიცოცხლის ფასად გვიჯდება

 

       პოეტი, მთარგმნელი და დიპლომატი. უკრაინულად და რუსულად თარგმნა დავით გურამიშვილის ლექსები, უკრაინულად, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვა ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებები, ქართულად კი ,-ტარას შევჩენკო, ივან ფრანკო, ლესია უკრაინკა, პავლო ტიჩინა, მიკოლა ბაჟანი და კიდევ სხვა ასზე მეტი უკრაინელი პოეტი. იგი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, საქართველოს, უკრაინის და ლატვიის მწერალთა ეროვნული კავშირების წევრი, მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი და უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი. ჯილდოებისა და დამსახურებების ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამპერსონაარაოფიციალურ რაულ ჩილაჩავას გაგაცნობთ,- მის ქართულუკრაინულ ცხოვრებასა და განცდებს...

 

როგორ ცხოვრობს ქართველი პოეტი უკრაინაში? 1940268_709645099066655_91201963_n
– ჩემთვის ქართველი პოეტი უკრაინაში დავით გურამიშვილია. სხვათა შორის, ასეც წერდა ჩემი ერთ-ერთი წიგნის წინასიტყვაობაში ბატონი ირაკლი აბაშიძე: “ქართველი პოეტი სამშობლოს გარეთ. ქართველი პოეტი უკრაინაში და… უმალვე დავით გურამიშვილის ლანდის გამოცხადება…” მე ვცხოვრობ ისევე, როგორც ჩემი კოლეგები საქართველოში, ლექსით, ლიტერატურით, სამშობლოს სიყვარულით. ეგაა,- მათგან განსხვავებით აქ სამშობლოც მაკლია და მშობლიური ენაც და რაკი ამ დანაკლისის ანაზღაურება შეუძლებელია, ვცხოვრობ მათზე ოდნავ უარესად, ოდნავ სევდიანად, ოდნავ გულჩათხრობილად…
ბატონო რაულ, უკრაინულ პროცესებში აქტიურად ხართ ჩაბმული, უკრაინული ჰიმნი თარგმნეთ
– ჰიმნი მოვამზადე უკრაინული კლასიკური და თანამედროვე პოეზიის ჩემეული ანთოლოგიისთვის, რომელსაც ამჟამად გამოსაცემად ვამზადებ. პოეტ პავლო ჩუბინსკის ეს ტექსტი მეცხრამეტე საუკუნეშია დაწერილი, მაგრამ ჰიმნად იგი მხოლოდ დამოუკიდებლობის წლებში იქცა. უკრაინის ჰიმნმა, ისევე, როგორც მისმა ლურჯ-ყვითელმა დროშამ, განსაკუთრებული სიმბოლურობა შეიძინა მაიდანზე, სადაც ამბოხებული ხალხი ტირანიასა და უსამართლობას ებრძოდა. მაიდანი იღვიძებდა ჰიმნით და ჰიმნითვე ლულავდა თვალებს. იქ იგი მართლა ჟღერდა პროტესტის მსგავსად – მტკიცედ, შეუპოვრად, შემტევად!
თქვენ მრავალი ჯილდო მიიღეთ, პირად ცხოვრებაში რომ განვაზოგადოთ, რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ ჯილდოდ?
– ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ ჯილდოდ ბუნებისგან (გნებავთ, მშობლებისგან) ნაბოძებ სიყვარულის ნიჭს მივიჩნევ. უსიყვარულოდ, როგორც დიდი გალაკტიონი იტყოდა, “მზე არ სუფევს ცის კამარაზე”. ბედნიერად მივიჩნევ თავს, რადგან არასოდეს დავუბრმავებივარ შურსა და სიძულვილს, არასოდეს მწყენია სხვისი სიკეთე, არასოდეს მომითბია ხელი სხვის უბედურებაზე. თანადგომის, თანალმობის, თანაგაცდის უნარი იშვიათი განძია, რასაც ვერანაირი სიმდიდრე და ჩინ-მედალი ვერ გადაწონის. ცნობილი ფილოსოფოსის გამოთქმა რომ გადავაკეთოთ: “მიყვარს, მაშასადამე ვცოცხლობ!” სიცოცხლეზე დიდი ჯილდო კი რა შეიძლება იყოს?!
უკვე მრავალი წელია, კიევში ცხოვრობთ, შეამჩნევდით განსხვავებასა და მსგავსებას ქართულ და უკრაინულ ხასიათს შორის10000241_709646262399872_1129832141_n – ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტემპერამენტისა და მენტალიტეტის ხალხი ვართ. განგვასხვავებს ენა, ქცევის სტერეოტიპები, აზროვნების მანერა, ცხოვრებისეული შეხედულებები, მაგრამ ამავე დროს მსგავსებებიც გაგვაჩნია. ჩვენ გვაახლოებს ქრისტიანული რწმენა და ზნეობა, ოჯახისა და შრომის სიყვარული, პატრიოტიზმი, უფროსების პატივისცემა. ამ ბოლო დროს კი ერთ მსგავსებასაც მივაქციე ყურადღება: უკრაინელებს ქართველებივით უყვართ ხელისუფლება და პირველობა, უჭირთ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა, არიან ინდივიდუალისტები და ცოტა ეგოისტებიც.
უკრაინაში დაწერილი პირველი ქართული ლექსი გაიხსენეთ...
– ესაა სტუდენტობისდროინდელი ლექსი,  1967 წელს, კიევში პირველად ჩასვლიდან ერთი კვირის შემდეგ დაწერილი. ლექსს ჰქვია: ,,დილა კიევის სოფიის ტაძარში“.
იისფერ ცაში მღერის გუმბათი,
ანგელოსები რეკავენ ზარებს
და ვერ გაიგებ – ვინ ვის უმადლის
ან რას ჩურჩულებს უმწეო ქარი.
ბრწყინავს ტაძარი თოვლის ფიფქებით,
ტაძრის ეზოში თენდება ადრე
და სტუმრად მოსულ კაცის ფიქრები
ბებერ კედლებზე ხატავენ ლანდებს.
მე მახსენდება კდემა ქაშვეთის,
მზით დაფერილი მხრები გელათის…
როგორც დავიქეც, ისე ავშენდი
და ვარ სიცოცხლით სავსე ყელამდი.
და ყოველ ბგერას ისე განვიცდი,
როგორც სიცოცხლის წმინდა სათავეს…
ვიდრე ვიქნები მკვიდრი ამ მიწის,
ამ ცის სიყვარულს ვერ დავამთავრებ.
– მოგეხსენებათ, რაც შეეხება კიევის სოფიის ტაძარს, რომელიც სულ შვიდი წლითაა სვეტიცხოველზე უმცროსი, ძველი უკრაინული ხუროთმოძღვრების ძეგლია. მის გუმბათს ამშვენებს ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა, რომელიც ძალიან მოგვაგონებს გელათისას. და ეს შემთხვევითი არ გახლავთ, რადგან სპეციალისტთა ვარაუდით, იგი ქართველი ოსტატების მიერ უნდა იყოს შესრულებული. 1154 წელს დემეტრე მეფის ასული რუსუდანი ცოლად შეირთო კიევის დიდმთავარმა იზიასლავ მსტისლავის ძემ და ის ოსტატებიც, როგორც ჩანს, მაშინ ჩამოჰყვნენ პატარძალს.
უჩვეულო გარემო, რომელშიც მუზა გესტუმრათ და ლექსი დაწერეთ...1922732_709648902399608_1893088284_n
– ლექსი მუდამ უჩვეულო გარემოში იწერება. უცხო თვალისთვის იმ დროს იქნებ არც არაფერი ხდებოდეს განსაკუთრებული, მაგრამ საქმეც ისაა, რომ პოეზია ჩვეულებრივში უჩვეულოს დანახვაა, ნაცნობში უცნობის შენიშვნაა. სამწუხაროდ, მსგავსი თვისების გამოვლენა ყოველთვის თვით პოეტსაც არ ძალუძს, ამიტომ ის განსაკუთრებული იდუმალება, რომელიც ლექსის თხზვას ახლავს თან, დაკავშირებულია შვიდფერი მუზის გამოჩენასთან, რომლის ფრთათა ნეტარი შეხებაც უმალ ხილვების წარმტაც სამყაროში გადაგიყვანს.
ადაპტაციის შედეგად რაიმე უკრაინული თვისება, ან ჩვევა ხომ არ შეიძინეთ?
– ალბათ, კი. შევეჩვიე ხმადაბლა ლაპარაკს, თავშეკავებას, მოკლე სადღეგრძელოებს. მართალია, ყველა ამ თავისებურებას საქართველოში ჩამოსვლისთანავე ვკარგავ და ორ-სამ დღეში ისეთივე ვხდები, როგორიც 30-40 წლის წინათ ვიყავი.
პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ მაინც: რა იქნება ხვალ?
– დღეს ოთხშაბათია. მაშასადამე, ხვალ იქნება ხუთშაბათი. მას თან მოჰყვება მზე და გაზაფხულის სითბო. თავად ცნება “ხვალ” ყველაზე დიდი და სანუკვარი იმედების დამტევია, ჩვენი ავ-კარგიცა და სიკვდილ-სიციცხლეც მხოლოდ მას აბარია. რაც მეტი ხვალე გაგვითენდება, მით უფრო დიდხანს დავრჩებით ამ ქვეყანაზე, რომელიც ჩემი ამჟამინდელი გამოცდილებით ყველა “იმ” ქვეყანას სჯობს.
როგორ ადამიანებს აფასებთ?10000305_709645669066598_1474498464_n
– ვერ ვიტან ბრიყვ, ყეყეჩ, ხეპრე, თვითდაჯერებულ, მეტიჩარა და ორგულ ადამიანებს. ვცდილობ, სათოფეზე არ გავიკარო ბოროტები და შურიანები, მაგრამ, ჩემდა სავალალოდ, ყოველთვის არ გამომდის. ამიტომაც საშინლად განვიცდი, როცა ჩემგან კარგად მიჩნეული პიროვნება ცუდი აღმოჩნდება. პირდაპირ ტრაგედიად აღვიქვამ, როცა ეს პიროვნება ჩემი ახლობელიცაა. ადამიანებში განსაკუთრებით ვაფასებ გულწრფელობას, პატიოსნებას და სიკეთეს. მადლობა ღმერთს, ჩემი სანაცნობო მეტწილად სწორედ ასეთი ხალხია.
– როგორი იყო თქვენი ცხოვრება უკრაინამდე?
– მე სულ 19 წელი ვიცხოვრე საქართველოში, მაგრამ ეს იყო ჩემი ყოფის ყველაზე გრძელი, ძვირფასი და განუმეორებელი ჟამი: სამეგრელოს ულამაზეს სოფელში გატარებული ფეხშიშველი ბავშვობა, საშულო სკოლა, სამი კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე… პირველი სიყვარული, პირველი ლექსები, პირველი წარმატებები და პირველი იმედგაცრუება… ყველაფერი საქართველოში იყო და იქ დარჩა, როგორც ჩემი ფიზიკური და სულიერი არსებობის სათავე, ჩემი შემოქმედების უშრეტი წყარო.
თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ...
– ოჯახი, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე, დიდი ხანია, აღარ არსებობს. სასუფეველში გადასახლდნენ ჩემი გამზრდელი პაპა, დიდედა და ბებია. რა ხანია, აღარ არიან მშობლებიც. ორმოცი წელია ჩემი უფროსი ძმის გვერდით საუკუნოდ სძინავს ჩემს პირმშოს, რომელიც კიევიდან შინ ცოცხალი ვეღარ მივიყვანე. მშობლებმა იხმეს თავისთან ჩემი ხელით გაზრდილი უმრწემესი ძმა, რომელიც მანქანით ენგურის კანიონში გადაიჩეხა. ზუგდიდში ცხოვრობენ თავიანთი შთამომავლობით ჩემი და და სამი ძმა. ჩემი ოჯახი კი ამჟამად მე და მეუღლე ვართ. გვყავს ორი ვაჟიშვილი – რაული და თემური, რომლებიც ჟურნალისტები არიან. ისინი ცალ-ცალკე ბინადრობენ, მაგრამ ერთად მუშაობენ. აქვთ საკუთარი ტელესტუდია, უშვებენ საკუთარ ტელეპროდუქტს, რომელიც ყოველდღე გადის უკრაინის მეხუთე არხზე.
უკრაინელ ქალებზე ბევრი გვსმენია საქართვლოში და ხელოვან ადამიანს შეუძლებელია ეს ფაქტი გამორჩენოდა ლექსი მიძღვნა, რომელიც დაგიწერიათ
– რა თქმა უნდა, სიმბოლურად თითქმის ყველა ლექსი მიძღვნაა, მაგრამ არის კონკრეტული მიძღვნებიც, რომლებსაც რეალური ადრესატები ჰყავთ. აი, ერთი მათგანი, რომელიც ჩემს მეუღლეზეა:
„მე შენი თავი ვის ჩავაბარო“- იას.

გარდა სიშორის და სიმარტოვის,
მე არაფერი არ მედარდება.
სითბო მზის სხივის, სუსხი ქარ-თოვის,
სუყველაფერი წარსულს ბარდება.
კლავენ ერთმანეთს, წვავენ ქალაქებს,
და ბოლოს მაინც ზავი მყარდება.
ციხე-სიმაგრეც, სოფლის ალაგეც,
სუყველაფერი წარსულს ბარდება.
მიმოიხედავ: კლდე გაბზარულა,
ბაღი ქცეულა ეკალ-ბარდებად.
წელთა ზოზინი, დღეთა მარულა –
სუყველაფერი წარსულს ბარდება.
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო იმედო,
ჩემო ცხადო და ჩემო ზღაპარო,
შენ საწარსულოდ ვით გაგიმეტო,
მე შენი თავი ვის ჩავაბარო?
რაც უფრო გადის წლები, მით უფრო აფასებ ადამიანს, რომელთანაც ერთ ჭერქვეშ ამდენი წელი გაატარე. თუ მკითხავთ, მაინც რამდენიო, გეტყვით: ორ თვეში 45 წელი შესრულდება, რაც ერთად ვეწევით საწუთროს ჭაპანს.
დაასრულეთ აზრი, ცხოვრება ის არის რაც
– ცხოვრება არის ის, რაც თავიდან უსასყიდლოდ გვეძლევა, მაგრამ ბოლოს საკუთარი სიცოცხლის ფასად გვიჯდება.
თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები