კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრების შეხვედრა
10 თებერვალს, 13:00 საათზე კინოსტუდია „ქართული ფილმში“ საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრები შეიკრიბებიან – ეს იქნება კინემატოგრაფისტთა პროტესტი კინოცენტრში კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროში დაგეგმილი ანტისახელმწიფოებრივი პროექტების მიმართ.
კინემატორგრაფისტთა კავშირის წევრები აცხადებენ, რომ კინოცენტრში, კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებში საქართველოს საზოგადოებრიობისა და კინემატოგრაფიული საზოგადოებისგან გასაიდუმლოებულად, კონსპირირებულად იგეგმება XX საუკუნის ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის, ფასეულობის კინოსტუდია „ქართული ფილმის“ გასხვისება. მიზანდასახულად ხდება არა მხოლოდ ამ უნიკალური კულტურული კერის განადგურება, არამედ საზოგადოდ ქართული კინოს, როგორც ეროვნული ფენომენის, ბრენდის აბსოლუტური გაქრობა ქვეყნის ისტორიიდან. იგეგმება არა მხოლოდ კინოსტუდიის უძრავი, არამედ მისი ინტელექტუალური ქონების გასხვისებაც, რაც ქართულ კინოს დაღუპვამდე მიიყვანს!
ჩინოვნიკთა მიერ არჩეული გზა თავისთავად გულისხმობს უარის თქმას იმ ფასეულობებზე, ტრადიციაზე, ესთეტიკაზე, ფილოსოფიაზე რითაც განთქმულია ეროვნული კინემატოგრაფი, რაც დღესაც ასაზრდოებს ახალგაზრდა თაობას და ქართული კინოს მომავალის საწინდარია.
მონაწილეები არიან: საქართველო კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრები – ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, მიხეილ კობახიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, რეზო ესაძე, ბაადურ წულაძე, თემურ ფალავანდიშვილი, ქეთი დოლიძე, თემურ ბაბლუანი, დიტო ცინცაძე, ბუბა ხოტივარი, ოთარ ლითანიშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ბიძინა ჩხეიძე, ლევან თუთბერიძე, გიორგი ოვაშვილი…