ჩინეთიდან საქართველოში პირველი სარკინიგზო გადაზიდვა განხორციელდა
ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ტრანსპორტირება განხორციელდა კომპანია WELL-ის (Worldwide Energy Logistics Ltd) და Kedentranservice-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რაც საქართველოს რკინიგზის განცხადებით, გამართული სისტემის ფუნქციონირების შედეგია.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ხვალ, ვარკეთილის საკონტეინერო ტერმინალში პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე მიწვეულები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, “საპარტნიორო ფონდის” პრეზიდენტი ირაკლი კოვზანაძე, ჩინეთის რესპუბლიკის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ელჩები საქართველოში და სხვა დაინტერესებული მხარეები.
სამატარებლო გადაზიდვა, ჩინეთში 2015 წლის 29 იანვარს დაიტვირთა და საქართველოში 6 თებერვალს დაიცალა. პროექტი საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ჩინეთის პროვინცია სინძანის ხელშეწყობით განხორციელდა.
“ფაქტი ისტორიულია და აქამდე არსებული საზღვაო კავშირის დამატებით ალტერნატივას წარმოადგენს; მისი მეშვეობით ტვირთი უმოკლეს დროში შეუფერხებლად იმოძრავებს ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით; უზრუნველყოფილი იქნება ასევე ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირება როგორც ევროპის, ასევე ხმელთაშუა და შავიზღვის აუზის სხვა ქვეყნების მიმართულებით”, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.