დავით თევზაძე: რწმენით ყოფნა დიდი მადლია და ყველაფერს შეაძლებინებს ადამიანს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ახალი პოლიტიკური მოძრაობის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასაჯაროებს. როგორც თევზაძე აცხადებს, პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ის სათავეში ჩაუდგება, არავითარ შემთხვევაში არ იქნება ვინმესთან დაპირისპირებული. იგი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში თანამშრომლობას ყველა იმ პირს სთავაზობს, ვისაც რელიგიისა და იდეოლოგიის განურჩევლად სურვილი გაუჩნდება.
„ძვირფასო მეგობრებო, თანამოქალაქენო და თანამემამულენო! პირველ რიგში, გუშინდელ დავითობას გილოცავთ. თანაუნივერსიტეტელებს კი თსუ-ს 97-ე წლისთავს. მე ვინც მომილოცა, მადლობა მომიხსენებია. როგორც იქნა, თბილისში დავბრუნდი, გამოვიძინე კიდევაც და უკვე ხვალიდან შევუდგები ჩემი დასახული ამოცანის რეალიზაციას. გეხსომებათ, კონფერენციაზე წასვლის წინ, ჩემი პოლიტიკურ სივრცეზე გამოჩენა დავაანონსე. თუკი ვინმეს შემოხიდების სურვილი გაგიჩნდებათ, ჯერჯერობით, პირველადი კონტაქტისათვის, ეს სივრცეც შეგვიძლია გამოვიყენოთ. დღეს კი “წვრილ-წვრილ” (უფრო სწორად კი საორგანიზაციო) საკითხებზე უნდა ჩამოვყალიბდე. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება ვინმესთან დაპირისპირების პარტია, არამედ იქნება მოძრაობა, რომელიც, იმედი მაქვს, ბევრს გაგვაერთიანებს: რაც არ უნდა გვთიშავდეს ჩვენ (რელიგია, ეთნიკური წარმომავლობა, იდეოლოგია, ცხოვრების წესი და ა.შ.), არსებობს ერთადერთი რამ, რაც უთუოდ გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი სამშობლო საქართველო, რომელსაც ჩვენი სამსახური, მართალი და დუყვედრებელი სამსახური და გარჯა ჭირდება. ზოგს არ შეუძლია, ზოგს რწმენა არა აქვს, ზოგს გამბედაობა. მაგრამ ვისაც გვაქვს, იმათაც უნდა ვემსახუროთ და მათ ნაცვლადაც: ჩვენს თანამოქალაქეს უნდა შევაძლებინოთ კიდევას, რწმენაც გაუჩინოთ (მომავლის რწმენა) და გამბედაობა თავისით გამოვა წინ. რწმენით ყოფნა დიდი მადლია და ყველაფერს შეაძლებინებს ადამიანს. მახსენდება, 80-იანები იყო. ერთ ლამაზ ქართულ სოფელში, ტანძიაში, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და კიდევ რამდენიმე კაცი ჩამოვიდა. რაღაც ვისაუბრეთ და წასვლა რომ დააპირეს, მერაბ კოსტავამ თქვა, მე აქ დავრჩები, ცოტანი არიან ბიჭები და გავამხნევებო. ეთნიკური დაპირისპირების რაღაც სცენარი “გორდებოდა” მაშინ და ტანძიის დასაცავად თბილისიდანაც ვიყავით რამდენიმე კაცი ჩასული. მერაბი, მართლაც, დარჩა და ისე მოხდა, მთელი ღამე ვისაუბრეთ. მას რისიც სწამდა მაშინ, იმის არა მჯეროდა მე. ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ უკვე სკეპტიკოსი. არც მისი რწმენა მივიჩნიე მაშინ გულწრფელობად. დილით, როდესაც დავემშვიდობეთ, თვალი თვალში გავუყარეთ ერთმანეთს და დღის სინათლის ბრალი თუ იყო, ერთბაშად გავაცნობიერე, რომ მთელი ღამის მანძილზე ვცდებოდი. მაშინ იყო, რომ მერაბს შევპირდი, ამ პატარა სოფლიდან არსად წავიდოდი, სანამ საქმე არ დასრულდებოდა. მას მერე, მთელი საქართველო ჩემთვის ტანძიაა, ხოლო მერაბისთვის მიცემული სიტყვა ვალად მადევს დღესაც. იმ ღამეს მერაბმა რწმენა “გადმომცა” , საქართველოს მომავლის რწმენა. მიმაჩნია, რომ მოძრაობა, რომელსაც დავიწყებთ, ასევე საქართველოს მომავლის რწმენას უნდა აჩენდეს და არა მხოლოდ ოცნებას. ეს არის ამ ეტაპზე სულ, რისი თქმაც შემიძლია. ახლა კი, უფრო ხალისისათვის, ნორვეგიიდან ჩამოყოლილ რამდენიმე სურათს გაგიზიარებთ“, – წერს დავით თევზაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები