ბრალდებასთან დაკავშირებით გიორგი სოსანაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი სოსანაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. სოსანაშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და მას მკვლელობა არ ჩაუდენია.
“სრული სიცრუეა აღნიშნული ბრალდება, მე ეს არ ჩამიდენია,”- განაცხადა გიორგი სოსანაშვილმა სასამართლოს დარბაზში.
გიორგი სოსანაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომა უკვე დასრულებულია. სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს პროკურორებმაც. გამომძიებლებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სწავლობენ სოსანაშვილის მიერ მკვლელობის დღეს განხორციელებულ ზარებს. პროკურორ ლევან ადეიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს იმ სატელეფონო ზარის შესწავლა, რომელიც ბრალდებულმა სოსანაშვილმა ასევე უკვე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავასთან განახორციელა.
სოსანაშვილი პროკურატურამ 8 თებერვალს დააკავა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.