თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ორმხრივ შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალებზე და მიღწეულ პროგრესზე.
თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მხარეებმა დაადასტურეს, რომ პაკეტის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესს, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით მიღებული გამოცდილების გაზიარებას და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნა, რომ ალიანსისთვის მიუღებელია რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებიც განიხილეს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.
იენს სტოლტენბერგმა განსაკუთრებით აღნიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თავის მხრივ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა წვლილი შეიტანოს ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.
ხვალ, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოხსენებით წარდგება. ვიზიტის დროს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები