ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმეზე, სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის – კოდუას მოადგილეც დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული ირაკლი ფირცხალავას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესზე პროკურორმა მოწმეთა ნუსხა წაიკითხა. ჩამონათვალში სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ერეკლე კოდუას მოადგილე კახა მისირელია.
პროკურატურის მასალების მიხედვით, კრიმინალური მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას ძმის ნარკოდანაშაულის შესახებ ინფორმაცია სოდ-ს კორტების სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთმა გარდაცვლილმა ალექსანდრე ხუბულოვმა მიაწოდა, რის საფუძველზეც ირაკლი ფირცხალავას ძმა – ლევან ფირცხალავა დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, სწორედ ამის გამო, ირაკლი ფირცხალავამ იძია შური ხუბულოვზე, რომელიც კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილთან ერთად მოკლეს.