„დღეს საქართველო სულ სხვაა იმასთან შედარებით, რასაც ის 20 წლის წინ წარმოადგენდა“

დღეს საქართველო სულ სხვაა იმასთან შედარებით, რასაც ის წარმოადგენდა 20 წლის წინ – ამის შესახებ საქართველოს პერემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა ვეღარ აიტანა ქვეყნის წარუმატებლობა და მშვიდობიანი გზით დაიცვა თავისი უფლებები 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” დროს. მისი თქმით, ამ რევოლუციის ტალღაზე მოვიდა ახალგაზრდა ლიდერების ახალი ჯგუფი, რომლებმაც წამოიწყეს ბევრი ინიციატივა, თუმცა ეს ჯგუფი გადაიხარა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაკენ და დემოკრატიული განვითარება ისევ შეჩერდა.
“დღეს საქართველო სულ სხვაა იმასთან შედარებით, რასაც ის წარმოადგენდა 20 წლის წინ. ყველა სფეროში, ჯანდაცვით და განათლებით დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული, და გამომდინარე დღევანდელი ფორუმის მიზნებიდან, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, საქართველოში მიღწეულია უზარმაზარი წინსვლა. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს გზა ვარდებით მოფენილი არ იყო. მას ახლდა უკომპრომისო ბრძოლა უამრავ ძალასთან, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი წინსვლის შეჩერებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერმა საბჭოთა კავშირის პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ცხოვრება რთული იყო, თუმცა უკეთესი მომავლის იმედი არსებობდა.
“შემდეგ კედელი დაინგრა და ბევრი რამ შეიცვალა. მე ვარ ქართველთა ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელმაც გამოიარა და თავად განიცადა ჩვენს ქვეყანაში მომხდარი დიდი ცვლილებები. გამოსვლა საბჭოეთის დომინირებიდან და დამოუკიდებლობის გზაზე დადგომა არ იყო მარტივი. იყო მნიშვნელოვანი მარცხებიც, მაგრამ ჩვენ არ გვღალატობდა ძლიერი დემოკრატიისაკენ ლტოლვის სულისკვეთება. ჩვენი გზა დემოკრატიისაკენ ფასიანი ქაღალდების ბირჟას შეიძლება შევადაროთ. ზოგადად, დროთა განმავლობაში მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ამ გზაზე სერიოზული დაცემაც დაფიქსირებულა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მეორე პრეზიდენტი და „ცივი ომის“ დასრულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ედუარდ შევარდნაძე მოვიდა ხელისუფლებაში ახალი დღის წესრიგით – ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
“მიუხედავად დიდი მოლოდინისა და შთამბეჭდავი დასაწყისისა, მისი მთავრობა კორუფციაში ჩაეფლო, სასამართლო ვერ გათავისუფლდა და ვერც დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდა სრულად. ქართველმა ხალხმა ვეღარ აიტანა ქვეყნის წარუმატებლობა და მშვიდობიანი გზით დაიცვა თავისი უფლებები 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” დროს. ამ რევოლუციის ტალღაზე მოვიდა ახალგაზრდა ლიდერების ახალი ჯგუფი, რომლებმაც წამოიწყეს ბევრი ინიციატივა, განსაკუთრებით პოლიციაში კორუფციის აღმოფხვრისა და ბიზნესებისათვის საქმიანობის გამარტივების კუთხით. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში ეს ჯგუფი გადაიხარა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაკენ და დემოკრატიული განვითარება ისევ შეჩერდა. ჩვენთან შეიმჩნევა ტენდენცია, როცა რეფორმატორები, რომელთა მოსვლას ქვეყნის სათავეში ახლავს დიდი იმედები, გარკვეულ ეტაპზე აღარ ახორციელებენ ეფექტიან საქმიანობას და დაუსჯელად მოქმედებენ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები