ალექსანდრე ვერშბოუ ქართული ასეულის საველე სწავლებას დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

  ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე ვაზიანის პოლიგონზე სტუმრობით დაიწყო. ნატოელ სტუმარს პოლიგონზე თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ უმასპინძლეს.
ვაზიანის პოლიგონზე სპეციალურად ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისთვის, მხარდამჭერი ელემენტებით, ასეულის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება გაიმართა, რაც ნატოელი სტუმრისთვის პოლიგონის შესაძლებლობების გაცნობას ისახავდა მიზნად. წვრთნის დაწყებამდე, IV მექანიზებული ბრიგადის მეთაურის თანაშემწემ, მაიორმა დავით პაპოშვილმა მოწვეულ სტუმარს წვრთნის მიზნისა და ამოცანების, ასევე, მონაწილე ელემენტების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა.
საჩვენებელი სწავლება თავდაცვით ოპერაციებში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწასა და სწრაფ რეაგირებას ისახავდა მიზნად.
სწავლებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, წვრთნების მთავარი ამოცანა იყო ქართულ ქვედანაყოფებს არ დაეშვათ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალებისთვის პლაცდარმის შექმნა და შეტევის განვითარება სიღრმეში.
სწავლება მასშტაბური ხასიათის იყო. მასში IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე მექანიზებული ბატალიონის, სამედიცინო ჯგუფის, ასევე ავიაციის, საარტილერიო, საინჟინრო და სატანკო ქვედანაყოფების 425 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. წვრთნაში ორი ერთეული Su-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, ერთი ერთეული UH-1H „იროკეზი“-ს ტიპის შვეულმფრენი, ასევე IV მექანიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა, მათ შორის T-72 ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები ქსმ-2, ასევე თვითმავალი საარტილერიო სისტემები და I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული სისტემები იყო ჩართული.
წვრთნაში გათვალისწინებული იყო 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გამოცდილება. დღევანდელ სწავლებაში ისინი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ. სწავლებას დაესწრნენ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის საშტაბო-სამეთაურო სკოლის მსმენელებიც.
საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ვაზიანში IV მექანიზებულ ბრიგადაში გადაინაცვლეს. ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა ლელაძემ სტუმრებს სპორტულ დარბაზსა და ვირტუალური სიმულაციური სწავლების ცენტრში უმასპინძლა; მოგვიანებით, კი სამხედრო ნაწილში არსებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი მსუბუქი შეიარაღება და ქართული ჯარის ეკიპირება დაათვალიერებინა.

15926_922381364461273_3684117747190419472_n

1392683_922381254461284_1664557087435078399_n

1549294_922381974461212_9160185022356563892_n

10372559_922381284461281_222056360022205503_n

10408617_922381251127951_9022143037461050351_n

10479958_922381247794618_367720372941726410_n

10550877_922381957794547_7213996189937075802_n

10952346_922382331127843_3053504273102753336_n

10959414_922381704461239_4173381255864817384_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები