საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო-სამედიცინო კვლევებისა და მატერიალური სარდლობის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრები გენერალ-მაიორ ბრაიან ლეინის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კახა ოქროჯანაშვილმა მიიღო. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი დაესწრო.
სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმები დასახეს.
საუბარი შეეხო სამხედრო – სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.
ამერიკელმა სტუმრებმა ქართულ მხარეს ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს და ყურადღება ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმზე გაამახვილეს. გენერალ-მაიორ ბრაიან ლეინის განცხადებით, ამერიკული მხარე ამპუტირებული და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თანამედროვე გამოწვევებზე, ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს და ამ მიმართულებითაც თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები