გიორგი მარგველაშვილი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე მთავარ კრიტერიუმებზე შეთანხმება მოხერხდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას, პროფესიულ წრეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად 9 თებერვლამდე საკუთარი კანდიდატურების წარდგენას სთხოვს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც შეაფასა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის წინა პროცესი და გამართულ კონსულტაციებზე კმაყოფილება გამოთქვა.
პრეზიდენტის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის საკითხზე გამართული კონსულტაციების ფარგლებში მთავარ კრიტერიუმებზე შეთანხმება მოხერხდა. მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს, ისე საექსპერტო წრეებს და კონსულტაციებში ჩართულ სხვა მხარეებს კრიტერიუმებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა აქვთ. “დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დასახელებასთან დაკავშირებულ პროცესზე. ამ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების თვალსაზრისით, რადგან სასამართლო არის ის საკიდური, რომელზეც იგება სახელმწიფოს ჯანმრთელი, დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პროცესთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყეთ აქამდე ქართული საზოგადოებისთვის არნახული ღია პროცესი, რომელშიც ჩავრთეთ ყველა – საპარლამენტო პოლიტიკური ძალები, ექსპერტები და გავხსენით ამ მიმართულებით ფართო დისკუსია. ამ დისკუსიამ გამოავლინა ჩემთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი: მთელი საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური პარტიები თანმხდებიან ერთი და იგივე კრიტერიუმებზე. კონსულტაციების შედეგად კრიტერიუმებთან დაკავშირებით კონსენსუსი არის შემდგარი და დღეს, საპარლამენტო უმრავლესობაც და ოპოზიციური ფრაქციებიც, ფაქტობრივად, ერთ ხედვაზე გველაპარაკებიან. რა თქმა უნდა, არის განსხვავებული პატარა დეტალები, მაგრამ ჯამში ეს არის ერთიანი კრიტერიუმები”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, დღეიდან 9 თებერვლამდე დაიწყო მეორე პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთს დაასახელებს. დასახელებულ კანდიდატს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს. პრეზიდენტი დასამტკიცებლად ერთ კანდიდატს წარადგენს და მას უნდა უყაროს კენჭი პარლამენტმა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამტკიცებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტი წარდგენილ კანდიდატურას ვერ დაამტკიცებს, პროცედურა თავიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები