„კეზერაშვილი ისტორიაში შევიდა, როგორც წაგებული ომის თავდაცვის მინისტრი და ამის შემდეგ ის ხდება მილიონერი“
პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძისთვის გასაკვირია, სად და როდის იშოვა დავით კეზერაშვილმა ფული, მაშინ, როდესაც ის ისტორიაში შევიდა, როგორც წაგებული ომის თავდაცვის მინისტრი და ამის შემდეგ ის ხდება მილიონერი, „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი. „ბევრი ბრალდება გამოიკვეთა იარაღით უკანონი ვაჭრობის საქმეში და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა, თუ საქართველოდან გაყიდული იარაღით ტერორისტები მარაგდებოდნენ, გამოდის, ამ უკანონო ფულზე იდგა „ნაციონალური მოძარობა“?
პარტია, რომელიც კრიმინალური ფულით ფინანსდება, კრიმინალური ორგანიზაციაა და ეს საშიშია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. გამოიკვლიონ, ვინ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველები, იყო თუ არა კეზერაშვილი მათ შორის,“ – აცხადებს მანანა კობახიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ მკაცრად ზღუდავს უცხი ქვეყნის მოქალაქეების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინასებას.
„საინტერესოა, როგორ აფინასებდა კეზერაშვილი „ნაცმოძრაობას“? გასარკვევია, სად ფიგურირებს და თუკი ის არსად ჩანს, მაშინ შავი ფულის ბრუნვასთან გვაქვს საქმე. აი, ამას აწერს ხელს სააკაშვილი, ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ კეზერაშვილი, მართლაც, იყო „ნაცმოძრაობის“ მთავრი მოლარე, რადგან არა მგონია, სხვა ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის სააკაშვილი ასე გარჯილიყო,“ – ამბობს ვიცე-სპიკერი. მანანა კობახიძის აზრით, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, „ნაციონალებს“ უნდათ პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩენა, ბიზნესს ვეღარ ატერორებენ, მათი შემოსავლები შემცირდა და ნებაყოფლობით არავინ ჩაურიცხავს მათ სალაროში ფულს.