თამაზ გოდერძიშვილს „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა

25 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართველი მწერლის, დრამატურგისა და მთარგმნელის – თამაზ გოდერძიშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სპექტაკლს „ART – ხელოვნება“ დაესწრო. მინისტრმა თეატრალური ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თამაზ გოდერძიშვილს სამინისტროს სპეციალური ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული სპექტაკლი წარმოადგენს პაროდიას თანამედროვე ხელოვნებაზე, რომლის ყველა კომპონენტი სრულიად ავსებს არა მარტო სასცენო სივრცეს, არამედ მაყურებელთა დარბაზსაც. იასმინა რიზას პიესის „ART – ხელოვნება“ თარგმანი თამაზ გოდერძიშვილს ეკუთვნის.
სპექტაკლში თამაშობენ მსახიობები: ზურა ყიფშიძე, მიხეილ გომიაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი.
სპექტაკლის პრემიერა პირველად 1999 წლის 2 ოქტომბერს შედგა. თამაზ გოდერძიშვილი – მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი და ინსცენირების ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის მიერ თარგმნილი პიესები წლების განმავლობაში სხვადასხვა თეატრების რეპერტუარშია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი და თემურ ჩხეიძის წარმატებული თანამშრომლობა: „ჯაყოს ხიზნები“, „ლამბალო და ყაშა“, „მარადი ქმარი“, „პილატე“, „ Art – ხელოვნება“, „მოლი სუინი“, „ სასიყვარულო ბარათები“ და ბევრი სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები