რატომ ადანაშაულებს დავით კეზერაშვილს ისრაელი და ამერიკა

  „კეზერაშვილი რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით უფრო დიდ დისკომფორტს შეუქმნის სააკაშვილსა და მის ოჯახს“, – აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, თუ დავით კეზერაშვილს ყველაფერი ოფიციალურად დაუმტკიდა, მაშინ სააკაშვილი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
„ისრაელის ხელისუფლება კეზერაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მან რუსებს საშუალება მისცა, ხელში ჩაეგდოთ ის ელექტრონული ტექნოლოგიები, რომლებიც ისრაელმა საქართველოს გადასცა. კეზერაშვილმა ბევრ ადგილას მოახერხა ცუდი კვალის დატოვება და ბევრი ხალხია მასზე განაწყენებული – ებრაელები, ფრანგები, ამერიკელები და ა.შ. იარაღით ვაჭრობის გარდა, კეზერაშვილი მონაწილეობდა ალბანეთის ტერიტორიაზე შექმნილ სათამაშო ბიზნესის ქსელში, ამ ბიზნესის ერთ-ერთი სერიოზული მეწილე იყო. ალბანური სათამაშო ბიზნესი ევროპაში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ბიზნესი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მოპარული ფული, კეზერაშვილის მეშვეობით, ევროპაში ყველაზე კრიმინალურად ცნობილ ალბანურ სათამაშო ბიზნესში ტრიალებდა“, – აცხადებს მამუკა არეშიძე. ექსპერტი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით არ დაუკავებიათ.
„კეზერაშვილს გარანტიები ჰქონდა მიღებული დასავლეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისგან, მათ შორის არ გამოვრიცხავ, ებრაული ლობის მხრიდანაც, რომ მას ხელს არავინ ახლებდა. ამდენად, კეზერაშვილის დაპატიმრება საფრანგეთში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით არ მომხდარა. ეს უბრალოდ, საბაბად იქნა გამოყენებული. ჩემთვის ცნობილია, რომ კეზერაშვილი საფრანგეთის ხელისუფლებამ ამერიკული სპეცსამსახურების თხოვნით დააპატიმრა. ვიდრე ამერიკული სპეცსამსახურები ბოლომდე არ შეისწავლიან და არ გამოიძიებენ იმ ყველაფერს, რაც კეზერაშვილმა იცის, მისი საქართველოში ექსტრადირება არ მოხდება. ამის მერეც კეზერაშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემენ ქართულ მხარეს, თუ ამერიკულ სპეცსამსახურებს ექნებათ გარანტია, რომ საქართველოში მას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ! წარმოიდგინეთ, რა სურათი იხატება – საქართველო ამერიკელების დახმარებით ყიდულობდა იარაღს, ხოლო კეზერაშვილის მეშვეობით, ეს იარაღი მიდიოდა იმ ხალხთან, ვინც მერე ამერიკელ ჯარისკაცებს ხოცავდა! სააკაშვილი ახლა სწორედ იმიტომ ნერვიულობს ასე, რომ ამ საქმეში მისი როლი არ გამოიკვეთოს, თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ არ გამოიკვეთოს. როგორ გგონიათ, ვინმე დაიჯერებს იმას, რომ კეზერაშვილი ამხელა საბიუჯეტო თანხებს ხარჯავდა იარაღის შესაძენად და სააკაშვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა?! როგორც მინიმუმ, სააკაშვილი ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო და სხვადასხვა წყაროდან შემოსული ინფორმაციებით ჩანს, რომ კეზერაშვილი იარაღით ვაჭრობის ქსელში სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას მეშვეობით მოხვდა!“ – აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები