საკრებულოში მედიის წარმომადგენლებთან არაფორმალური შეხვედრა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მედიის წარმომადგენლებთან არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
მასმედიის წარმომადგენლებს კოალიცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უმასპინძლეს.
შეხვედრა, რომელიც მედიასა და თვითმმართველ ორგანოს შორის ეფექტიან და გამჭვირვალე თანამშრომლობას ისახავდა მიზნად, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა.
გიორგი ალიბეგაშვილმა სტუმრებს საკრებულოს მეხუთე მოწვევის უმრავლესობის წარმომადგენლებს წარუდგინა და მათ დედაქალაქის თბილისის ორგანოს 6 თვის მუშაობის ანგარიში გააცნო.
საკრებულოს თავმჯდომარემ ახალი თვითმართველობის კოდექსიდან გამომდინარე საკრებულოს უფლება-მოვალეობებზე, გამჭვირვალე თვითმართველობაზე და ამ კუთხით მედიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
მასმედიის წარმომადგენლებსა და დეპუტატებს შორის შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ძირითადი შეკითხვები სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა. ჟურნალისტები დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების გზებით დაინტერესედნენ და დეპუტატებს შეკითხევბი საცობების, პარკირების, სავბავშვო ბაღების, პროექტ ,,პანორამა თბილისისა“ და შიდა გზების მოწესრიგების შესახებ დაუსვეს.
კონკრეტულ კითხვებს გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეებმა დეტალურად უპასუხეს, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ანალოგიური შეხვედრები კიდევ უფრო უწყობს ხელს საკითხების სიღმისეულ გაცნობას.
დეპუტატებმა საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით მედიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს და გამოთქვეს მზაობა, რომ სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას თემატურ გადაცემებში, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ საკითხის განხილვის დროს.
შეხვედრას ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურებისა და თოქ-შოუების წამყვანები, პროდიუსერები, რადიოების, გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლების ფართო სპექტრი ესწრებოდა.
შეხვედრის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.