დავით უსუფაშვილი ირანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
დავით უსუფაშვილი ირანელ კოლეგას, ალი ლარიჯანის შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მრავალი ასპექტი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, უცხოელებზე საქართველოს ვიზის გაცემის ახალი პროცედურები და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
მან ხაზი გაუსვა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ დაიძლევა ყველა ის დაბრკოლება, რომელიც აფერხებს ჩვენს ქვეყნებს შორის სრულფასოვან ეკონომიკურ თანამშრომლობას.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ვიზის გაცემის პროცედურების გამარტივებაზე და უახლოეს მომავალში ვიზის მიღების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, შეეძლებათ საქართველოს ვიზის მოთხოვნა.
დავით უსუფაშვილი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების პრობლემებს და რუსეთ-აფხაზეთს შორის დადებულ ე.წ. „მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებასაც“ შეეხო.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის თავმჯდომარემ ინტერესით მოისმინა აღნიშნული ხელშეკრულების და რეგიონში არსებული კონფლიქტების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია და სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ხაზი გაუსვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და კონფლიქტების მოგვარების მნიშვნელობას რეგიონისვის.
ალი ლარიჯანმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ვაჭრობის, საერთაშორისო გადაზიდვების და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარეებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები