ვალერიან თელია კოჩალაძის მკვლელობის შესახებ – ვის საყვედურობს ყოფილი მაღალჩინოსანი

აჭარის პოლიციის სამხარეო-სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან თელია მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
თელია იმ მედიასაშუალებებს, პოლიტიკოსებს და არასამთავორობო ორგანიზაციებს მიმართავს, რომლებსაც თავის დროზე ეჭვი შეჰქონდათ აჭარის მთავარი სამმართველოს მიერ წარმოებულ გამოძიებაში.
თელია იმედოვნებს, რომ ისინი მომავალში ხელაღებით ეჭვს აღარ შეიტანენ პოლიციის მუშაობაში და მხოლოდ ვარაუდებით არ გააჩენენ საზოგადოებაში სამართალდამცველების უნდობლობას.
“არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ფაქტს ირანში. ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თეირანის ინტერპოლმა დაუდასტურა. რუინთან მოჰამადამინს საქართველოს კანონმდებლობით უვადო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს და ის ირანში ამჯერად, მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის დააპატიმრეს.

მინდა იმ რამდენიმე მედიასაშუალებას მივმართო, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ 2013 წლის ზაფხულში, აჭარის მთავარი სამმართველოს მიერ წარმოებულ გამოძიებას და ე.წ ჟურნალისტურ საგამოძიებო ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ასევე მინდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ნაწილს მივმართო, რომლებმაც გამოძიების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს. იქნებ მათ ახლა მაინც ირწმუნონ, რომ გამოძიებამ მაშინ საზოგადოებას მხოლოდ სიმართლე აცნობა და თითოეულმა სამართალდამცველმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 16 წლის გოგონას შემზარავი მკვლელობის ფაქტი დროულად ყოფილიყო გამოძიებული. იმედი მაქვს, მომავალში მაინც, ასე ხელაღებით ეჭვს აღარ შეიტანენ პოლიციის მუშაობაში და მხოლოდ ვარაუდებით არ გააჩენენ საზოგადოებაში უნდობლობას სამართალდამცველების მიმართ.
მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინიტროს, აჭარის მთავარი სამმართველოს, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს და აჭარის პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს იმისათვის, რომ ასეთი მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირი დროულად ყოფილიყო დადგენილი და არ დარჩენილიყო დაუსჯელი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვალერიან თელია.

შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში დღეს თეირანის ინტერპოლიდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულმა უწყებამ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დაადასტურა. რუინთან მოჰამადამინი თეირანის ინტერპოლის ძებნილი პირების მონაცემთა ბაზაში მას შემდეგ იყო შეყვანილი, რაც მის მიერ საქართველოში ჩადენილი მკვლელობის გამო ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში ინფორმაცია გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები