თი- ბი – სი ბანკის კლიენტმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
თი – ბი – სი ბანკის სათავო ოფისთან, ადვოკატთან და თანმხლებ პირებთან ერთად, ბანკის ერთ-ერთი კლიენტი პირამოკერილი მივიდა. როგორც ბანკის კლიენტმა ზაზა ზაქარეიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, მას თი-ბი-სი ბანკისგან 430 000 დოლარის სესხი ჰქონდა აღებული, რომელიც მას ათი წლის განმავლობაში უნდა დაეფარა, თუმცა, მისივე განცხადებით, ბანკმა მას ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადა 5 წლით თვითნებურად შეუმცირა. კლიენტთან შესახვედრად ბანკის წარმომადგენელი გამოვიდა და მას მოლაპარაკებების გამართვა სთხოვა, რომელშიც, ბანკის მხარესთან და კლიენტთან ერთად, ზაქარეიშვილის ადვოკატიც მიიღებდა მონაწილეობას.
ბანკის წარმომადგენელი კლიენტს ხელშეკრულების ყველა პუნქტის დეტალურ განხილვას სთავაზობდა. ზაქარეიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა, სანამ მას საშუალება არ მიეცემოდა, პირისპირ შეხვედროდა თი-ბი-სი ბანკის გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს. ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, ბუცხრიკიძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. 430 000 დოლარიანი სესხის მისაღებად ზაზა ზაქარეიშვილმა ბანკში 3 ბინა, მათ შორის – ორი ბათუმში და ერთი თბილისში, მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში, საოფისე ფართი საბურთალოზე და დაბა ურეკში არსებული სასტუმრო ჩადო. ზაქარეიშვილის ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, ბანკმა მიზანმიმართულად შეუმცირა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს სესხის ვადები, რათა ამით მის მიერ სესხში ჩადებულ ქონებას დაეპატრონოს. ამ დროისთვის გადასახდელი სესხის რაოდენობა 260 000 დოლარს შეადგენს. ბანკის კლიენტი ზაზა ზაქარეიშვილი ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარს აცხადებს და ამ დრომდე, თანმხლებ პირებთან ერთად, ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება.