დე ფაქტო აფხაზეთის “საგარეო უწყება” გამოფენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დე ფაქტო აფხაზეთის „საგარეო უწყება“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ბერლინის გამოფენასთან დაკავშირებით პასუხს აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დე ფაქტო აფხაზეთში გაოცებულები დარჩნენ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით იმის შესახებ, რომ „აფხაზეთი ბერლინის სოფლის მეურნეობის გამოფენაში არ მონაწილეობს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“.
„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ განცხადების პროპაგანდისტურ ხასიათშია დარწმუნებული. აფხაზეთის რესპუბლიკა ნამდვილად იყო წარმოდგენილი ბერლინის სოფლის მეურნეობის გამოფენაზე ბერლინის მხარის თანხმობით მოედანზე, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამეწარმეო პალატის მიერ იყო ორგანიზებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
დე ფაქტო აფხაზეთის „საგარეო უწყება“ „კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციასთან დაკავშირებით საქართველოს ძალისხმევის უკანონობას და აფხაზეთის მოქალაქეების საერთაშორისო ურთიერთობების გზაზე ხელოვნური წინააღმდეგობების შექმნას. აფხაზეთის რესპუბლიკა – შემდგარი სახელმწიფოა და მისი საერთაშორისო პოზიციები, საქართველოს წინააღმდეგობის მიუხედავად, გამყარდება.
იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობაში ჯანსაღი აზრი და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკური რეალიების საღი შეფასება გაჩნდება. 21-ე საუკუნეში „ბერლინის ახალი კედლების მშენებლობა ხალხებს შორის – უმადური და არასანდო საქმიანობაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები