„ისლამური სახელმწიფო“, მძევლად აყვანილი იაპონელების გათავისუფლების სანაცვლოდ, 200 მილიონ დოლარს ითხოვს (ვიდეო)

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“, მძევლად აყვანილი ორი იაპონელი მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ, 72 საათის განმავლობაში 200 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვენ. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება.
ისლამისტებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც შავ ტანისამოსში ჩაცმული „ბოევიკი“ ორი იაპონელი მძევლის გვერდით ნარინჯისფერ ტანსაცმელში დგას. ისლამისტმა განაცხადა, რომ იაპონიის მთავრობამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფოების მხარდასაჭერად 200 მილიონი დოლარის გამოყოფა გადაწყვიტა. „ბოევიკი“ ვიდეომიმართვაში მთავრობას იგივე თანხის გადახდას მათ სასარგებლოდ სთხოვს.
სააგენტოს ცნობით, მძევლად აყვანილი იაპონელები კენძი გოტო ძეგო და ჰარუნა იუკავა არიან. „ასოშიეითიდ პრესი“ აღნიშნავს, რომ „ბოევიკი“ ბრიტანული აქცენტით საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ზაფხულში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა მოკლეს ამერიკელები სტივენ სოტლოფსი და ჯეიმს გოულისი, სექტემბერში კი „ბოევიკების“ მსხვერპლი ბრიტანელი დევიდ ჰეინსი, ამერიკელი პიტერ კესიგი და ფრანგი ერვე გიურდელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები