მარნეულის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები განხორციელდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციას რეგულარულად აგრძელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში აღმაშენებლის მაგისტრალური არხის გამანაწილებელ ქსელზე 1-კილომეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისგან გაიწმინდა, რამაც საგრძნობლად გაზარდა წყლის გამტარუნარიანობა.
გარდა ამისა, წყლის დანაკარგის მინიმუმადე შემცირების მიზნით, 100 მეტრის სიგრძეზე აღდგა ამორტიზებული მილსადენი, ხოლო დაზიანებული ღარების ნაცვლად 100-მეტრიანი აკვედუკი მოეწყო.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საირიგაციო წყლის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას.