“ბატონი პეტერის ამ ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არასაკმარისად თვლის. საჭიროა,
ქართველი დამატებით მეორე იდენტობას ფლობდეს. საინტერესოა, ასე ფიქრობს თუ არა იგი გერმანელობაზეც?”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს და გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება.
კერძოდ, ფიშერმა თქვა – “ზოგიერთმა ქართველმა ზუსტად იცის თუ რა არის ევროკავშირი და რას ნიშნავს მასში გაწევრიანება, სხვები უბრალოდ ამბობენ მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი, მსურს ევროპული მომავალი ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის და ამასთან არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა შეიძლება არასაკმარისი იყოს”.
“სინამდვილეში, ესაა გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია, და ეს მის ბოლო ინტერვიუშიც კარგად ჩანს – “ჩვენ გვქონდა მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაყოფილი.. განადგურებული ქვეყანა. ევროკავშირი იყო ცივილიზებულ სახელმწიფოთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი.”
საქართველოს, ამ მხრივ, არც თავისი წარსული აქვს გასაქრობი და არც ცივილიზებულთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი ასაღები.
ევროკავშირი დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაა. ყოველ შემთხვევაში, ის ევროკავშირი, რომლისკენაც ქართველებს სწრაფვა სურთ. გათქვეფილი იდენტობის კავშირს “საბჭოთა კავშირი” ჰქვია.
წარმავალმა ელჩმა კი უმჯობესია, იმაზე იფიქროს, როგორ ქვეყანაში მოუწია ჩამოსვლა და რამდენი რამ ვერ გაიგო აქაურობის”, – წერს პაპუაშვილი.