ფაშინიანი რუსეთში საქონლის ექსპორტზე შეზღუდვების წინაშე მყოფ ფერმერებს კომპენსაციას ჰპირდება
რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სუბსიდიებს ჰპირდება ფერმერებს, რომლებსაც პროდუქციის ექსპორტზე „უსამართლო დაბრკოლებები“ შეექმნათ.
გეღარქუნიქში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სუბსიდიები მიმართული იქნება მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვის.
მან ასევე აღიარა, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც სომხური საქონელი არ აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს. ეს კომპანიები ასევე მიიღებენ დახმარებას ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ფაშინიანმა ისაუბრა სომხური საქონლის ალტერნატიულ ბაზრებზე. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სომხეთიდან რამდენიმე ბიზნესდელეგაცია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს და უკვე არსებობს წინადადებები ვარდების, ხილისა და ბოსტნეულის სომხეთიდან შესაძენად.
ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის კავშირში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ის მათ მოგვარებაზე იმუშავებს.
შეგახსენებთ, 15 მაისს გამოცხადდა, რომ „როსელხოზნადზორი“ აპირებს არაერთი სომხური საწარმოს შემოწმებას, მათ შორის იმ კომპანიების, რომელთა პროდუქციის რუსეთში მიწოდება ადრე შეჩერებული იყო. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ევროპული წარმოშობის ყალბი თევზის პროდუქტების იმპორტის ეჭვია. 21 მაისს სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციამ საწარმოების შემოწმება დაიწყო. 30 მაისს, „როსელხოზნადზორმა“ სომხეთიდან ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულის და მარწყვის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. სააგენტომ განმარტა, რომ გადაწყვეტილება რუსეთში სომხური ხილისა და ბოსტნეულის პროდუქციის მიწოდებაში დარღვევების ზრდისა და ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს.