უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები იწყება
უკრაინაში, დონეცკის აეროპორტის მიდამოებში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ბრძოლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ამასთან, უცხოური მედიის ცნობით, საბრძოლო მოქმედებები გაძლიერდა მთელ ზოლზე, რომელიც უკრაინულ ძალებსა და სეპარატისტებს ჰყოფს. მხარეები მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სროლის ხმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ისმის. დონეცკში ადგილობრივი საავადმყოფოს შენობა დაზიანდა.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ უკრაინისა და რუსეთის საზღვარი კრემლის შეიარაღებული ძალების ორმა ტაქტიკურმა ჯგუფმა გადაკვეთა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს საკუთარი რეგულარული ჯარების მონაწილეობას იმ დაპირისპირებაში, რომელსაც მოსკოვი უკრაინის შიდა კონფლიქტს უწოდებს. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთში აღიარებენ, რომ შვებულებაში მყოფ რუს სამხედროებს საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეებად შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.