10 დაღუპული და 100-მდე დამწვარი ქრისტიანული ტაძარი – ნიგერში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ფრანგულ სატირულ ჟურნალ „Charlie Hebdo“-ში მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებას ნიგერში მასობრივი არეულობა მოჰყვა. მხოლოდ აფრიკულ სახელმწიფოს დედაქალაქ ნიამეიში მუსლიმანი მოსახლეობის მიერ დამწვარი ქრისტიანული ტაძრების რიცხვმა 45 -ს მიაღწია. ამ ინფორმაციას ნიგერის პოლიციის გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით „liberation.fr“ ავრცელებს.
ნიგერის ნაციონალური პოლიციის წარმომადგენლის ადილი ტოროს პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად – დემონსტრანტებმა ნიამეიში 45 ტაძარი, 5 სასტუმრო, 36 ბარი, უპატრონოთა თავშესაფარი და ქრისტიანული სკოლა დაწვეს. ქვეყნის პრეზიდენტის მამადუ ისოფუს თქმით დემონსტრაციებს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 128 ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღo. მათ შორის 94 სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი, ხოლო 34 დემონსტრანტია.
ასევე მსხვერპლით დასრულდა ნიგერის სიდიდით მეორე ქალაქ ზინდერში განხორციელებული არეულობა, რომელსაც შედეგად 5 გარდაცვლილი, 45 დაშავებული და რამდენიმე ტაძრის დაწვის ფაქტი მოჰყვა. ქვეყნის პრეზიდენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებს რელიგიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა. არეულობის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად ამ დროისთვის ნიგერში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.