რა ხდება “ქართულ ოცნებაში”?

კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა. როგორც გაზეთი „ახალი თაობა“ იუწყება, პარტიის რაიონული ორგანიზაციების უმეტესობა არ ფუნქციონირებს. ოფისები დაკეტილია და რამდენიმე რაიონში მათ კომუნალური გადასახადების დავალიანებაც კი დაუგროვდა.
„ამის პარალელურად პარტიაში პირველკაცობისთვის დიდი ამბებია დაწყებული. თვითმმართველობის არჩევნებზე განცდილი კრახის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის მოთხოვნით, პარტიის აღმასრულებელ მდივნად ზვიად ჯანყარაშვილი დაინიშნა, რომელიც პრემიერის სიმამრის დისშვილია და, ბუნებრივია, რომ ღარიბაშვილი მას ენდობოდა. ამ საკადრო ცვლილებების შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შედარებით უკანა პლანზე გადაიწია. როგორც ამბობენ, ამის შემდეგ მათ შორის სერიოზული უთანხმოება ჩამოვარდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ჯანყარაშვილმა ეს პოსტი დატოვა. არადა „ქართულ ოცნებაში“ მისი მისვლით ყველა კმაყოფილი იყო. ეტყობა, ჯანყარაშვილმა მავანს ცუდად გადაურბინა და ბიძინა ივანიშვილს მასზე სერიოზული კომპრომატები მიუტანეს. არსებული ინფორმაციით, ეს კომპრომატები ექსპრემიერს ერთ-ერთმა მოქმედმა მინისტრმა მიუტანა“, – წერს გამოცემა.
რამდენიმე დღის წინ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მდივანმა არმაზ ახვლედიანმა განცხადება გააკეთა, რომ შესაძლოა, პარტიაში აღმასრულებელი მდივნის პოსტი გაუქმებულიყო, თუმცა ამ განცხადებიდან ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე გახდება, რომელიც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრის გიორგი კობახიძის შვილია.
პარტიაში ეს ინფორმაცია ბევრი მათგანისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. არმაზ ახვლედიანის განცხადებით, მას განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა აღმასრულებელი მდივნის კანდიდატურის შესახებ კახა კალაძეს ინფორმაცია 17 იანვარს უკვე ჰქონდა.
სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება“
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ფილიალს ემსგავსება, რადგან წამყვან თანამდებობებზე სწორედ ბურჯანაძის კადრები არიან დანიშნულები.
ირაკლი კობახიძის აღმასრულებელ მდივნად დანიშვნის შემთხვევაში კი გამოდის, რომ ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ დე ფაქტოდ ნინო ბურჯანაძეს გადააბარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები