უგანდის პრესაში ,,200 მთავარ გეის“ ასახელებენ
უგანდის გაზეთმა „Red pepper“-მა იმ 200 ადამიანის სია გამოაქვეყნა, ვისაც ქვეყნის მთავარ ჰომოსექსუალად მიიჩნევს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს ჰომოსექსუალიზმის გამო ხანგრძლივი პატიმრობის შესახებ. დასავლეთის ქვეყნებმა გაასაჩივრეს პრეზიდენტ მუსევენის ეს გადაწყვეტილება. 200 ადამიანის სახელისგან შემდგარი სია გაზეთში სათაურით: ,,გამოაშკარავებულნი“ გამოქვეყნდა. ამ ფაქტმა გეების დევნის თვალსაზრისით ქვეყანაში უფრო მეტი საშიშროება შექმნა.
ჰომოსექსუალიზმი უგანდაში ამ დრომდეც დანაშაულად ითვლებოდა, თუმცა ახალი კანონი პირველად ეხება ლესბოსელებს და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. კანონი ჰომოსექსუალური აქტებისთვის და ერთსქესიანი ქორწინებისთვის სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. 2012 წელს უგანდაში გეების უფლებებისთვის მებრძოლი დევიდ კატო მოკლეს. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს ჰომოფობიის ნიადაგზე მომხდარი თავდასხმა იყო. მისი სახელი ახლა უკვე დახურული გაზეთის „Rolling Stone“-ის გვერდებზე გამოჩნდა – მოწოდებით, დაეხოცათ ჰომოსექსუალები.
„ბი-ბი-სის“ კორესპონდენტი ალი მუსტაფა ქვეყნის დედაქალაქიდან იუწყება, რომ სიაში მოხვედრილი ბევრი ადამიანი ჰომოსექსუალია, თუმცა ზოგიერთი მათგანი საზღვარგარეთ ცხოვრობს. სიაში ასევე არიან უგანდის მოქალაქეები, რომლებსაც ჰომოსექსულებად არ იცნობენ. უგანდის ჰომოსესუალთა ასოციაციის ცნობილი აქტივისტი, რომელიც ასევე ფიგურირებს სიაში, წერს, რომ კვლავ განახლდა ნადირობა. გაზეთ „Red Pepper“-ის სიაში მოხსენიებული არიან ცნობილი გეიაქტივისტები – ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი პეპე ჯულიან ონზიმა და კათოლიკე მღვდელი. უგანდის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, რომ კანონზე ხელმოწერა უცხოელი კორესპონდენტების თანდასწრებით მოხდა, რომლის მიზანი უგანდის დამოუკიდებელი პოზიციის დამტკიცება იყო.
ორშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მუსევენის გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა კანონპროექტისთვის, არის ,,ტრაგიკული დღე უგანდისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ადამიანის უფლებებს იცავს.“
,,ახლა, როცა კანონი ძალაში შევიდა, ვიწყებთ უგანდის ხელისუფლებასთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვის პროცედურას. გადავხედავთ ყველა ჩვენს კავშირს, მათ შორის – დახმარების პროგრამას, რომ ისინი შეესაბამებოდნენ ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას და ჩვენს ღირებულებებს ასახავდნენ“,- აღნიშნა განცხადებაში ჯონ კერიმ.
ამერიკა უგანდას ეკონომიკური დახმარების სახით წელიწადში 400 მილიონ დოლარს აწვდის. შვედეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუსევენის გადაწყვეტილებას საშინელება უწოდა და განაცხადა, რომ დახმარება, რომელსაც უგანდა 10 მილიონი დოლარის სახით ღებულობდა, შესაძლოა, შეწყდეს. ნიდერლანდებმა კი უკვე შეაჩერა უგანდის სასამართლო ორგანოებისთვის სუბსიდიების მიწოდება. ნორვეგიამ და დანიამ განაცხდეს, რომ 17 მილიონამდე დოლარს პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაურიცხავენ.
კანონპროექტი ჰომოსექსუალიზმის ,,პირველი დარღვევისთვის“ 14 -წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.