ქალი, რომელმაც საკუთარი სიკვდილი გააყალბა და 40 წელი თავისუფლად იცხოვრა
მე-20 საუკუნის დასაწყისი ბრიტანეთში ქალების თავისუფლებისა და თვითგამოხატვისთვის განსაკუთრებით რთული პერიოდი იყო. ვიქტორიანულმა მორალმა, კანონებმა და საზოგადოებრივმა წესებმა ქალები მკაცრ ჩარჩოებში ჩააყენა – განქორწინება სკანდალი იყო, ხშირად კი, შეუძლებელიც გახლდათ. სწორედ ასეთ ეპოქაში გადადგა გაბედული ნაბიჯი ერთმა ქალმა, სახელად გრეის ოუკშოტმა, რომელმაც საკუთარი სიკვდილი გააყალბა და სხვა იდენტობით, სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო.
გრეის ქეში – შემდგომში გრეის ოუკშოტი – 1872 წელს ლონდონში დაიბადა. ის იყო განათლებული, პრინციპული და აქტიურად ჩართული ქალთა უფლებების მოძრაობაში. წერდა სტატიებს და იბრძოდა ქალების შრომითი უფლებებისთვის. 1900-იანი წლების დასაწყისში უკვე სერიოზულად იყო ჩართული სოციალურ რეფორმებში და გოგონებისთვის პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას ცდილობდა.
გრეისი გათხოვილი იყო ჰაროლდ ოუკშოტზე, თუმცა მათი ქორწინება, როგორც ჩანს, ბედნიერი არ ყოფილა. ქალს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ექიმ უოლტერ რივთან. მასთან დაქორწინება, ბრიტანეთის კანონებით, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, რადგან განქორწინება ქალისთვის მხოლოდ განსაკუთრებულ და რთულად დასამტკიცებელ პირობებში დაიშვებოდა. სწორედ ამიტომ, გრეისმა წარმოუდგენელი ნაბიჯი გადადგა: 1907 წელს მან მოაწყო საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო.
საზაფხულო არდადეგებისას იგი ზღვისპირეთში გაემგზავრა. მოგვიანებით, მისი ტანსაცმელი იპოვეს სანაპიროზე — თითქოს, ქალი ზღვაში დაიხრჩო. ოფიციალურად, გრეისი დაკარგულად გამოცხადდა, რასაც მოჰყვა ამბავი, რომ იგი გარდაიცვალა. მისი ქმარი დიდხანს არ გამოჩენილა საჯაროდ, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, თვითონაც იცოდა ცოლის გეგმის შესახებ — შესაძლოა, ამას განქორწინების თავიდან აცილების მიზნითაც დასთანხმდა.
რეალურად, გრეისი ცოცხალი იყო. ის ექიმ უოლტერ რივთან ერთად გაემგზავრა ახალ ზელანდიაში, სადაც იდენტობა შეიცვალა და ცხოვრობდა სახელით ჯოან რივი. მათ შვილებიც ეყოლათ და საზოგადოებაშიც დაიმკვიდრეს ადგილი. გრეისი უკვე აღარ იყო ქალთა უფლებების აქტივისტი, მაგრამ თავისი მეორე ცხოვრებით, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქალი გახდა.
ჯოან რივი – ანუ გრეის ოუკშოტი – 1929 წელს გაფანტული სკლეროზით გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლომდე არავინ იცოდა, ვინ იყო ის სინამდვილეში. მხოლოდ წლების შემდეგ, 2010-იან წლებში, ბიოგრაფმა და მკვლევარმა, ჯ. რობსონმა მისი ცხოვრების ამბავი გამოიკვლია და 2016 წელს გამოაქვეყნა წიგნი: Radical Reformers and Respectable Rebels, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველაფერი.
ეს არის ისტორია ქალზე, რომელმაც გაბედა საკუთარი ეპოქის წინააღმდეგ წასვლა — საზოგადოებრივი ზეწოლის, პიროვნული შევიწროებისა და ქორწინებით გამოწვეული მორალური შეზღუდვების ფონზე. მან დაარღვია წესები, რათა მიეღო ის, რაც სხვებისთვის ჩვეულებრივად იყო ნებადართული – თავისუფლება, სიყვარული და პირადი არჩევანის უფლება.