კიევში აფეთქებაში ეჭვმიტანილი ერთი ქართველი და ორი უკრაინელი დააკავეს
კიევში საქართველოს მოქალაქე და ორი უკრაინელი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებასთან არიან კავშირში. ამის შესახებ უკრაინული პრესა იუწყება. როგორც ცნობილია, პრაჟსკაიას ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მილიციის თანამშრომლებს ესროლეს.
დაკავებულია 1970 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრების კანონიერი ნებართვა არ გააჩნდა. გარდა ამისა, ის ორჯერ არის ნასამართლევი.
მეორე დაკავებული – 1968 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქეა, ის ასევე ორჯერ არის ნასამართლევი. ერთ-ერთი ბრალდება სხეულის მძიმე დაზიანებებია.
მესამე ეჭვმიტანილი – ქალია, ასევე უკრაინის მოქალაქე. ეჭვმიტანილებს საბრძოლო ყუმბარა აღმოაჩნდათ.