ეკა ბესელია: პროკურორი, რომელმაც ჩემს შვილსა და ძმას საქმე შეუთითხნა, დღემდე პროკურატურაში მუშაობს

„პროკურორი, რომელმაც სააკაშვილი-ადეიშვილის დავალებით ჩემს შვილსა და ძმას პოლიტიკური საქმე შეუთითხნა, დღეს ისევ პროკურატურაში მუშაობს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
როგორც დეპუტატი გამოცემასთან საუბრობს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან გაათავისუფლა.
„მთავარი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან გავათავისუფლეთ. ხომ კარგად გვახსოვს, რაც იყო სასამართლო სააკაშვილის დროს? ეს გახლდათ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ოფისი, საიდანაც იღებდა სათავეს ყველა უსამართლობა.
ის, რომ კეზერაშვილის, ახალაიასა და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების მიმართ გახმაურებულ საქმეებზე რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი დადგა, ნათლად ადასტურებს იმას, რომ სასამართლო ჩვენი ხელისუფლების ყოველგვარი გავლენისგან თავისუფალია.
თუ სასამართლო დღემდე ვინმეს გავლენას განიცდიდა, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ლიდერებიც მოსამართლეთა გარკვეულ ჯგუფს მართავდნენ და აკონტროლებდნენ“,- ამბობს ეკა ბესელია „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში ეკა ბესელია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. „ქართულ სასამართლოს სააკაშვილისთვის პატიმრობა აქვს შეფარდებული, მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა ციხეში სხედან, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ქარდავა და სხვები უკვე გასამართლდნენ წამების და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის და ის, რომ დღეს გაქცეულები არიან, არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას გაექცევიან.
მე ყველაზე კარგად მესმის, რას ნიშნავს უსამართლობა და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი. დიახ, ყველამ იცის, რომ ჩემი შვილი და ძმა სააკაშვილსა და მერაბიშვილს მძევლად ჰყავდათ აყვანილი და პოლიტიკური საქმე შეუთითხნეს. ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, ჩემი ოჯახის წევრების უკანონო განაჩენი დღესაც ძალაშია, ხოლო პროკურორი, რომელმაც სააკაშვილი-ადეიშვილის დავალებით ჩემს შვილსა და ძმას პოლიტიკური საქმე შეუთითხნა, დღეს ისევ პროკურატურაში მუშაობს!“ – ამბობს ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები