ვის აღიზიანებდა ეროსის გეგმები – “მისი მკვლელობის შორს მიმავალი ვარაუდები მაქვს”

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი დარწმუნებულია, რომ კიწმარიშვილის საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდება.
როგორც ზურაბ კიწმარიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, ეროსი ვიღაცებს თავისი გეგმებით აღიზიანებდა. მისივე თქმით, იყო ვერსიები, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ბევრი რამ იცოდა, მათ შორის სანაიას, ჟვანიასა და სხვათა საქმეებზე.
„ეროსიმ ღიად დაიწყო თამაში, ვგულისხმობ იმას, რომ ჯერ პოლიტიკაში ჩაება, თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და, ასე ვთქვათ, ხელთათმანი ესროლა „ნაციონალებსაც“ და ხელისუფლებასაც, ამიტომაც გადაწყვიტა, თავად დაეცვა თავი. ვის უქმნიდა საფრთხეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რთულია ამაზე მსჯელობა, რეალური ვერსია არ არის გამოკვეთილი. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ეს ყოფილიყო ქვეყანაში მყოფი პოლიტიკური პლასტი, რომელმაც ყველაფერი დაგეგმა, ან შესაძლოა, აქაურებთან კოორდინაციაში მყოფი ძალა ქვეყნის გარედან. ეროსი ვიღაცებს აღიზიანებდა თავისი გეგმებით. პირველად ივლისის დასაწყისში ჩვენს ერთ მეგობართან თქვა, რომ იარაღის ყიდვას აპირებდა. იარაღი თავის მოსაკლავად რომ ნდომოდა, ორი კვირით ადრე არ დაიწყებდა მზადებას. იყო ვერსიები, რომ ბევრი რამ იცოდა, მათ შორის სანაიას, ჟვანიასა და სხვათა საქმეებზე, იყო მინიშნება მის ბიზნესკავშირებზეც… მაგრამ მე უფრო შორს მიმავალი ვარაუდები მაქვს, მაგრამ ამას ჯერ არ ვიტყვი. ჩემი ძმის მკვლელობაში დარწმუნებული ვარ. ექსპერტიზებმა დამანახა, რომ ეროსი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული თავისივე ავტომანქანაში. ბევრი კითხვა ჩნდება, კერძოდ, ფანჯრები იყო ჩაწეული, სისხლი არ იყო ფანჯრებს იქით გასული, იარაღზე არ იყო სისხლი, არც თითის ანაბეჭდები… დარწმუნებული ვარ, ეს საქმე გადაკვალიფიცირდება მკვლელობის მუხლით. თუ არადა, მაშინ პროკურატურამ საპირისპირო მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს“, – განაცხადა კიწმარიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები