მილანის მოდის კვირეული – ახალი ტენდენციები

   ერთი კვირის განმავლობაში მოდის მოყვარულებისა და კრიტიკოსების ინტერესის საგანი მილანის მოდის კვირეული იყო. „გუჩი“, „პრადა“, „არმანი“, „კავალი“, „ვერსაჩე“, „დოლჩე და გაბანა“ – მსოფლიოს წამყვანი იტალიური მოდის სახლები 2014-15 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს წარმოადგენდნენ.
ნიუ-იორკის შემდეგ ცნობილმა დიზაინერებმა, მოდის მოყვარულებმა და კრიტიკოსებმა ევროპაში გადაინაცვლეს. მილანი ერთი კვირით მაღალი მოდის ეპიცენტრად გადაიქცა. შემოდგომა – ზამთრის კოლექცია კვირეულზე მსოფლიოს წამყვანმა იტალიურმა მოდის სახლებმა წარმოადგინეს.
„ჯორჯო არმანიმ“ აქცენტი მწვანე, შავ და ნაცრისფერ ბრიჯებზე, ლეოპარდის პიჯაკებსა და ასიმეტრიულ მოკლე შარვლებზე გააკეთა, თუმცა ასევე საინტერესო იყო ძვირფასი ქვებით გაწყობილი საღამოს კაბები. დიზაინერებმა: დომინიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ დარბაზში თოვლიანი სიცილიის იმიტაცია გააკეთეს. მოდელები პოდიუმზე ბეწვეულში გამოწყობილები გამოვიდნენ. კოლექციაში წარმოდგენილ კაბებსა და პიჯაკებზე ამოქარგული იყო ცხოველები და ყვავილები. ჩვენებაზე ასევე ჭარბობდა მეტალისფერი სამოსი. „ვერსაჩეს“ მოდის სახლმა პოდიუმზე ოციანი წლები დააბრუნა – ელეგანტური მინიკაბები, გამჭვირვალე ნაჭრები, ბრენდისლოგოიანი ბრჭყვიალა ღილები და ბაროკოს სტილის კაბები, – ასეთი წარმოუდგენია „ვერსაჩეს სახლს“ 2014-2015 წლის შემოდგომა – ზამთრის სტილი.
ცეცხლწაკიდებული ტბის გარშემო მოდელები პოდიუმზე რობერტო კავალიმ გამოიყვანა. პითონის ტყავის ქურთუკები და ფერადი პონცოები მოდის სახლის დიზაინერებმა ბეწვით გააწყვეს. კოლექციაში ლურჯი და წითელი ფერის სამოსი ჭარბობდა. იტალიური მოდის მაგნატის „პრადას სახლის“ ახალ კოლექციაში აქცენტი ატლასის პალტოებზე, გრძელ პიჯაკებსა და გამჭვირვალე კაბებზე გაკეთდა. მოდელებმა პოდიუმზე ასევე წარმოადგინეს სხვადასხვა ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი „პრადას“ შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან. „გუჩის“ მოდის სახლის ახალი კოლექციით, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე იქნა წარმოდგენილი, ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა გადაწყვიტა მოდის სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ტყავის სამოსის წარმოებაში „გუჩი“ უპირობო ლიდერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები