მათე ვერეშის საჯარო ლექცია გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში, კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორანტი, მათე ვერეში, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – იულიანე განდგომილის თეორია რაციონალობაზე მის Contra Galilaeos-ში.
მათე ვერეშმა დაასრულა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამა და ამჟამად კემბრიჯის უნივერსიტეტში, პროფესორ გაბორ ბერტეგის ხელმძღვანელობით, სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობს. მისი დისერტაციის თემაა „სკეპტიციზმი გვიან ანტიკურობაში (ციცერონი, პლუტარქე, სექსტუს ემპირიკუსი)“.
თავის მოხსენებაში სტუმარი აჩვენებს, რომ იმპერატორ იულიანეს მიერ საერთო კონცეპტების თეორიის გამოყენება ქრისტიანობის საწინააღმდეგო პლატონური დისკურსის ზოგადი სტრატეგიაა, კერძოდ, მცდელობა იმის მტკიცებისა, რომ ქრისტიანობა, როგორც წარმართულ ფილოსოფიასთან დაპირისპირებული მოძღვრება, არ აკმაყოფილებს ჭეშმარიტების საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს.
მომხსენებელი, უპირველესად, მოკლედ წარმოადგენს საერთო კონცეპტების სტოიკურ თეორიას და მის პლატონურ გათავისებას; შეეხება იულიანეს მსჯელობას ადამიანის სულში ღმერთის კონცეპტის ბუნებრივი აღმოცენების შესახებ და მის სტოიკურ და პლატონურ გამოძახილებს; საბოლოოდ კი, ისაუბრებს იულიანეს შესაძლო მოტივებზე, თავისი ანტიქრისტიანული პოლემიკა, ქრისტიანული თეოლოგიის განვითარების მიმართ მისივე პასუხის გათვალისწინებით, ამ ფორმატში მოეთავსებინა. მათე ვერეში ისაუბრებს იმის შესახებაც, თუ რა ადგილი უჭირავს ამ მტკიცებას იულიანეს ზოგად პოზიციაში და მისი ანტიქრისტიანული პოლემიკის უფრო ფართო კონტექსტში.
ლექციაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები