„ნადირობა ინდოეთში“ ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინა

15 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის – „ნადირობა ინდოეთში“ პრეზენტაციას დაესწრო. რესტავრაციის პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნული ტილო სრული სახით პირველად გამოიფინა.
მუზეუმმა ნიკო ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში” 1930 წელს, მწერალ სერგო კლდიაშვილისგან შეიძინა. თუმცა, სურათის ზედა ნაწილიდან ამოჭრილი იყო ფრაგმენტი მიმავალი მამაკაცის ფიგურით. ტილოს ამოჭრილი ფრაგმენტის შეძენა მუზეუმმა ოდნავ მოგვიანებით მოახერხა. ნიკო ფიროსმანის აღნიშნული სურათის ფრაგმენტი პირველად, 1930 წელს, მოსკოვში ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ოდნავ მოგვიანებით, 1938 წელს აღნიშნული ნამუშევრის ნაწილი მეტეხის მუზეუმში გამოფინეს. ტილოს ძირითადი ნაწილი ეროვნული მუზეუმის ფონდში ინახებოდა. 1970-იან წლებში, რესტავრაციის მცდელობის მიუხედავად, სურათის მძიმე დაზიანებების გამო, პროცესის დაწყება ვერ მოხერხდა. სარესტავრაციო მოსამზადებელი სამუშაოების პირველი ეტაპი 2004 წელს დაიწყო, ხოლო ნამუშევრის სრული რესტავრაცია 2014 წელს განხორცილდა. ნამუშევრის „ნადირობა ინდოეთში“ რესტავრაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრატორების ნანა მანაგაძისა და ეველინა კარსელის მიერ შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები