საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ციფრული ბიბლიოთეკის გადაცემის ცერემონია გაიმართა

15 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართა ციფრული ბიბლიოთეკის გადაცემის ცერემონია. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ელექტრონული „დიასპორის ბიბლიოთეკა“ გადასცა, რომელიც დღეიდან დიასპორის სოციალური ქსელის, www.tanamemamule.ge -ს ნაწილი გახდება.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა სიტყვით მიმართეს. დიასპორისთვის სახლიდან გაუსვლელად ქართული ლიტერატურის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა კიკნაველიძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში მცხოვრები ქართველი სტუდენტები.
ღონისძიებაზე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს საჭირო ქართული ლიტერატურა გადაეცა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის, ქალაქ დუსჯეს უნივერსიტეტის ქართული ენის სასწავლო პროგრამის სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის არის განკუთვნილი.
ციფრული ბიბლიოთეკის გადაცემის ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა წარმოადგინეს დიასპორის სოციალური ქსელის, www.tanamemamule.ge -ს და „დიასპორის ბიბლიოთეკის“ პრეზენტაციები.
„დიასპორის ბიბლიოთეკით“ სარგებლობის საშუალება ექნება ნებისმიერ მსურველს, ვინც სარგებლობს დიასპორის სოციალური ქსელით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები