რა კავშირი აქვს ჟვანიას სიკვდილს იარაღით უკანონო ვაჭრობასთან?
ქვეყნის პრემიერ – მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიცოცხლე იარაღით უკანონო ვაჭრობას შეეწირა. ამის შესახებ გადამდგარი მაიორი გოდერძი ორმოცაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, თემურ ალასანაიმ და მისმა თანამზრახველებმა იარაღით ვაჭრობა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააჩაღეს.
„სამხედრო ექსპერტების ჯგუფი, რომელიც საქართველოში უკრაინულ იარაღის შემოტანასა და შემდეგ მისი სხვა, მესამე ქვეყანაში გადაყვანის საქმეებს იკვლევს, ერთ მეტად სერიოზულ კვლევაზე დადგა. ისინი მიიჩნევენ, რომ პრემიერის გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე მოკლეს საზღვაო ძალების სარდალი, ზურაბ ირემაძე, რომლის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად გულის ინფარქტი გამოაცხადეს. მაშინ საზღვაო ძალების სარდალი ზურაბ ირემაძე გახლდათ. 2004 წლის 13 სექტემბერს ის საეჭვი ვითარებაში გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის დაავადება გამოცხადდა. მოგვიანებით, როცა ოჯახს შევხვდი ეჭვი გამიძლიერდა. მეტიც, ვესაუბრე ადმირალის მოადგილეს, ვიქტორ ჭელიძეს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუსწრებლად 20 წელი შეუფარდა. ის ამჟამად ბელგიაში იმყოფება. მისგან შევიტყვე, სწორედ მისი თხოვნით ჰოსპიტალის მაშინდელმა უფროსმა, შალამბერიძემ გარდაცვლილს აუღო ანალიზი და ადმირალის სისხლში დარიშხანი აღმოაჩინა. ასე რომ, მას ინფარქტი კი არ ჰქონდა, ის მოწამლეს,“ – ამბობს გოდერძი ორმოცაძე.
მისივე განცხადებით, გარდაცვლილს ექსპერტიზა არ ჩატარებია, რადგან ადმირალის სიკვდილი თვითონ ხელისუფლების დამსახურება იყო, ხოლო ადმირალის გარდაცვალებიდან 20 დღეში მოკლეს მისი სიძეც, შვილის ქმარი.
ის გემ „დიოსკურიას“ კაპიტანი იყო. „როდესაც ადმირალი გარდაიცვალა, ეს ბიჭი ამბობდა, მალე მეც მომკლავენო. ზუსტად 20 დღეში ის ბათუმში გამოიძახეს. მან გამოიყვანა ნაწილიდან ზურაბ ირემაძის კუთვნილი „ბე-ემ-ვე“. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ავარიაა დასახელებული. იმ დროს, არც მანქანას სჭირს რამე და არც თავად გარდაცვლილს არ აქვს არც ერთი მოტეხილობა. მის მანქანაში იჯდა ქალი, რომლიც საეჭვოდ ფიგურირებს ზურაბ ირემაძის გარდაცვალების საქმეშიც. ამ ე.წ. ავარიის დროს ეს ქალი რატომღაც საღ-სალამათი გადარჩა“, – იხსენებს მაიორი ორმოცაძე.
მისივე თქმით, 2004 წელს, აჭარის კრიზის დროს, ასლან აბაშიძესთან, ბათუმში, რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჩამოდიოდნენ მოლაპარაკებაზე. მაშინ ზურაბ ირემაძეს უბრძანეს, რომ უნდა ჩაეძირა გემი, რომლითაც ლუჟკოვი შემოდიოდა, თუმცა მან ეს ბრძნება არ შეასრულა. ორმოცაძე აღნიშნავს, რომ ამის დამადასტურებელი მასალებიც აქვს. „ირემაძემ დააკავა რამდენიმე გემი, რომელსაც უკანონო იარაღი გადაჰქონდა, უკრაინიდან გამოგზავნილი. სწორედ ამის გამო მოხდა განხეთქილება სააკაშვილსა და ჟვანიას შორის. ზურაბ ჟვანია ადმირალს კარგად იცნობდა. მისი ახლობელი იყო. მეტიც, ზურაბ ჟვანიამ პოზიციებიც არ დათმო და მოაწერა ხელი ზურაბ ირემაძის გენერალური შტაბის უფრისად დანიშვნაზე. ეს დოკუმენტი არქივში ახლაც ინახება. ის ამ მოვალეობას 2004 წლის 12 სექტემბრიდან უნდა შესდგომოდა. 13 სექტემბერს კი გარდაიცვალა,“ – აღნიშნავს გოდერძი ორმოცაძე.
მისივე განცხადებით, სიცოცხლეში ზურაბ ირემაძეს 5 იარაღი ჰქონდა გაფორმებული და ყველა გამქრალია. რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა, ვისთანაც ნახა მისი კუთვნილი იარაღი. ისინი ამბობენ, რომ იარაღი ადმირალმა აჩუქა, მაგრამ ამის საქმის კურსში ოჯახი არ არის. „საინტერესოა, როგორ ჩუქნიდა იარაღს უპასპორტოდ, რადგან ყველას პასპორტი ამჟამად ჩვენ გვაქვს. დისკებს რუკებსა და სხვადასხვა დოკუმენტს, ის, რასაც ისინი ეძებდნენ, ახლა მე მაქვს ერთ-ერთ ოჯახში მიბარებული. როდესაც ეს მასალები სრულიად გაიშიფრება, შესაძლოა, ყვლაფერს ბოლომდე მოეფინოს ნათელი. ეს არის საიდუმლო რუკა და ყველა მცურავი საშუალების აღრიცხვის მასალები, რაც ამ აკვატორიაში გამოჩნდებოდა. ეს მასალები მოიცავს სრულ ინფორმაციას, რა ტვირთი შემოჰქონდათ და გაჰქონდათ ამ მცურავ საშუალებებს, ვის ეკუთვნოდა და ა.შ.“, – ამბობს გადამდგარი მაიორი გოდერძი ორმოცაძე. როგორც მან აღნიშნა, მთელ ამ ისტორიაში პირველი მსხვერპლი საზღვაო ძალების სარდალი ზურაბ ირემაძე იყო. მისი გარდაცვალებიდან 5 თვეში იარაღით უკანონო ვაჭრობას ქვეყნის იმდროინდელი პრემიერ- მინისტრის სიცოცხლეც შეეწირა.