ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს უმრავლესობა მომავალშიც მიუბრუნდება

ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს უმრავლესობა პარლამენტში კიდევ ერთხელ მიუბრუნდება,- ამის შესახებ განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა პაატა კიკნაველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელს მიღებული კანონი არაერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას იწვევდა და ის საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას საჭიროებს. კიკნაველიძის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არ არის მოსამართლის დადგენილება, უნდა იყოს გამომძიებლის დადგენილება.
„ამ ცვლილებების მიზანია ის, რომ ზედმეტი ფორმალობისგან განტვირთულიყო საგამოძიებო ორგანოები. მე ვთვლიდი, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც არაერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას იწვევდა. ჩვენი ამოცანა ის იყო, რომ სასამართლო პრაქტიკის არაერთგვაროვნება აღმოფხვრილიყო. გამოითქვა მოსაზრება, რომ გამომძიებლის დადგენილების ფორმალურობის მიუხედავად, ეს, თითქოსდა, დამატებითი გარანტიაა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. რადგან ამ აზრს იზიარებს პარლამენტართა ნაწილი, არასამთავრობითა თითქმის მთელი სპექტრი და მხარი დაუჭირა სახალხო დამცველმაც, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ცვლილება არ უნდა განხორციელდეს. 2012 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული კანონი არ არის ზუსტი და მომავალში პრაქტიკის არაერთგვაროვნებას გამოიწვევს. საჭირო იქნება ცვლილება, რათა ცალსახად გამომდინარეობდეს კანონიდან, რომ ნებისმიერ ჩხრეკა-ამოღებას, თუ ის მოსამართლის განჩინების გარეშე ტარდება, სჭირდება გამომძიებლის დადგენილება. კანონში ცვლილებას თავიდან შევიტანთ, რადგან საჭიროა 2012 წელს მიღებულ კანონში შევიდეს ცვლილება, რათა მკაფიო იყოს გამომძიებლისთვისაც, პროკურორისთვისაც, მოსამართლისთვისაც, რომ ჩხრეკას და ამოღებას სჭირდება გამომძიებლის დადგენილება. ეს არ იყო პრინციპული ხასიათის ცვლილება. ეს საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არ არის მოსამართლის დადგენილება, უნდა არსებობდეს გამომძიებლის დადგენილება“,- განაცხადა პაატა კიკნაველიძემ.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივა, რომელიც უმრავლესობამ წარმოადგინა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლში ცვლილებას ითვალისწინებდა, რომლითაც გამომძიებელს უფლება ეძლეოდა, ჩხრეკა-ამოღება ფორმალური პროცესუალური დოკუმენტის – დადგენილების გამოტანის გარეშე განეხორციელებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები