შემოქმედებითი ადმინისტრატორი და ვილნიუსელი მსახიობების “ნუდისტური“ სიურპრიზი
მამუკა კუჭავა,- ადამიანი, რომელიც ყოველთვის ხელოვანთა წრეში ტრიალებდა. ამიტომ მის მეხსიერებას ბევრი გამოირჩეული მსახიობი და მათთან დაკავშირებული ამბები შემორჩა. მისი მედიამოღვაწეობა 90-იანი წლებიდან დაიწყო და ბუნებით მშვიდი ადამიანი დღესაც ამ ყველაზე “ხმაურიან“ სფეროშია.
–ბატონო მამუკა, თქვენ ყოველთვის იყავით იქ, სადაც ქართული საქმე ქართულად კეთდებოდა…
– ეს ხმამაღლა ნათქვამი სიტყვებია ჩემთან მიმართებაში, ყველა ჭეშმარიტი ქართველის საქმეა, კეთილსინდისიერად ემსახუროს თავის საყვარელ ქვეყანას, ჩვენ ყველას განსაკუთრებით გვიყვარს საქართველო… ისე, რომ მისი სიყვარულისთვის შეიძლება, ერთმანეთი გავიმეტოთ კიდეც, როგორც ეს ბევრჯერ გვიკეთებია. რა თქმა უნდა, ქვეყნის საქმეს თუ აკეთებ, ეს არც შეიძლება ადვილი იყოს.
ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ… მუშაობა 70-იან წლების მიწურულს,“მეტეხის თეატრში’’დავიწყე. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში პროფილით მუშაობის დაწყება რთული იყო (დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ ყველა მუშაობდა). ჩემი მეგობარი გია მურღულია “მეტეხის თეატრში“ ლიტერატურულ ნაწილს ხელმძღვანელობდა. უცებ გამოჩნდა ადმინისტრაციაში ვაკანსია და თეატრში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. თეატრის მთავარი რეჟისორი იყო სანდრო მრევლიშვილი, დირექტორი გაიოზ კანდელაკი და უამრავი ახალგაზრდა მსახიობი: ზურაბ ცინცქილაძე, თემურ ბიჭიაშვილი, თენგიზ კოშკაძე, თემურ ნაცვლიშვილი, პავლე ნოზაძე, თამარ დათუაშვილი, რუსუდან ქვრივიძე და სხვა მრავალი… დღეს უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მეტეხის თეატრში ათი წელი ვიმუშავე.
– დიდ მაესტროსთან, მიხეილ თუმანიშვილთან ერთად მუშაობდით...
– კინომსახიობთა თეატრში ბატონ მიხეილ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით ვიყავი თეატრის დირექტორის მოადგილე. ამ თეატრშიც, მოგეხსენებათ, მრავლად იყვნენ ნიჭიერი მსახიობები: ლევან უჩანეიშვილი,ზურაბ ყიფშიძე, გოგა პიპინაშვილი, პაატა ბარათაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, რუსუდან ბოლქვაძე, ნინო ლორთქიფანიძე… დღეს ყველანი ცნობილი სახეები არიან. რაც შეეხება ბატონ მიშას, იგი რეპეტიციებზე ძალიან მკაცრი იყო და სწორედ ამიტომ დასში კარგი დისციპლინა ჰქონდა. მეტეხისა და კინომსახიობთა თეატრთან ერთად გასტროლებზე საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში ვიყავი და ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ უნიჭიერეს ხალხთან ერთად მიწევდა მუშაობა. ერთი რამ გამახსენდა, ბატონი მიშა საერთოდ არ სვამდა, მაგრამ იყო გამონაკლისი შემთხვევა, როცა იძულებული იყო, რომ დაელია. მას თვითმფრინავით ფრენის შიში ჰქონდა, ამიტომ ფრენის წინ შიშის მოსახსნელად აუცილებლად სვამდა. განსაკუთრებით საზღვარგარეთ იგრძნობოდა, თუ რა ნიჭიერები არიან ქართველები, ქართულ სპექტაკლებს ყველგან ოვაციებით ხვდებოდნენ. გასახსენებელი ნამდვილად ბევრია…
– ერთი საგასტროლო ისტორია ხომ არ გახსენდებათ?
– გასტროლებზე ქართულ სპექტაკლებს ყოველთვის დიდი წარმატება ჰქონდა. გავიხსენებ ვილნიუსში ყოფნის დროს მომხდარ ერთ სახალისო შემთხვევას… სპექტაკლის მერე ადგილობრივი დასის მსახიობებმა ფინურ აბანოში დაგვპატიჟეს, იქ ეს ერთგვარი კულტურაც იყო. ადგილზე რომ მივედით, ვნახეთ, რომ აბანოში მთელი დასის მსახიობები: სრულიად შიშველი ქალები და კაცები ერთად იყვნენ… მახსოვს, ჩვენი მსახიობები როგორ გამოვარდნენ სიცილით უკან… და ეს, თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ, 90-იან წლებში იყო…
– თქვენს ბიოგრაფიაში ქართული ლიტერატურული თეატრი „ოქროს საწმისიც’’ იყო…
– ამ თეატრის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი მარინე ჯიქია გახლდათ. მე დირექტორი ვიყავი. აქაც თავი მოიყარა უნიჭიერესმა ხალხმა: თათია ხანიდრავა, გია ბურჯანაძე, ზურაბ ცინცქილაძე, თამარ დათუაშვილი, მამუკა მაზავლიშვილი. აქაც საინტერესო ლიტერატურული სპექტაკლები იდგმებოდა.
– თქვენ მედიის სფეროში მრავალი წელი მუშაობდით და სიმართლის თქმა ადვილი არ იყო …
– გეთანხმებით, რასაც მედიასივრცე ჰქვია,- ამ სფეროში მუშაობის სოლიდური ხანი დამიგროვდა… არ ვიცი, ვის როგორ დავამახსოვრე თავი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ჩემს დაქვემდებარებულ სამსახურს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ობიექტურად მიეწოდებინა. ალბათ სიმართლის თქმა ყველაზე მნიშვნელოვანია, მოწინააღმდეგე უფრო პატივს სცემს სიმართლის მთქმელს, თუნდაც მის საწინააღმდეგოდ იყოს იგი მიმართული.
– თუ არ ვცდები, ერთ ფილმშიც ხართ გადაღებული?
– მოგეხსენებათ, მსახიობი არ ვარ, ხელოვნებაში შემთხვევით მოხვედრილი კაცი ვარ. ფილმში კი ნამდვილად ვითამაშე. ეს იყო კინორეჟისორ ბიძინა რაჭველიშვილის ძალიან საინტერესო მხატვრული ფილმი „ლომა’’, რომელიც უჭკვიანეს კავკასიურ ნაგაზზეა გადაღებული. ფილმში მე ძაღლის ერთ-ერთ პატრონს ვთამაშობ, უფრო სწორად ძაღლი თამაშობს, მე კი მას პარტნიორობას ვუწევ.
–გაიხსენეთ „იმედიანი’’ წლები, ანუ “იმედში“ მუშაობის პერიოდიც...
– ,,იმედში“ 2003 წელს მეგობრის, ბიძინა ბარათაშვილის წყალობით მოვხვდი, ,,იმედში“ სამი წელი ვიმუშავე. იქ მუშაობა ნამდვილად შემოქმედებითი იყო, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ვფიქრობ, 2003-2006 წლები “იმედისთვის“ საუკეთესო პერიოდი იყო. როცა მეკითხებიან, მნიშვნელოვანი რა გამიკეთებია, ტელეკომპანია “იბერვიზია“ მახსენდება, ვფიქრობ, მისი დაარსებით, მართლაც, კარგი საქმე გაკეთდა. კომუნისტურ სახელმწიფოში დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დაარსება წარმოუდგენლად მეჩვენებოდ. “იბერვიზიის“ იდეის ავტორმა ნუკრი ჯინჭარაძემ (იგი მეტეხის თეატრის რეჟისორი იყო) თავის დროზე გამანდო მისი იდეა, თან მთხოვა, რომ ერთად შევჭიდებოდით ამ ურთულეს საქმეს, ისიც მოფიქრებული ჰქონდა, თუ ვინ დააფინანსებდა ტელეკომპანიას შექმნის პროცესში, ეს გახლდათ მისივე ნათესავი გია გოგიბერიძე, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი, რომელიც იმ პერიოდში ბიზნესით იყო დაკავებული. მოკლედ, საქმე ერთი წითელი „პაპკით“ დავიწყეთ, თუ რა გამოვიდა, ყველამ იცით. ჩვენს ირგვლივ როგორც ადმინისტრაციული, ასევე შემოქმედებითი თვალსაზრისით უნიჭიერესი ხალხი შეიკრიბა.
– ბატონო მამუკა, ამჟამად რადიოკომპანია “საქართველოს ხმის“ დირექტორი ხართ, თქვენი რადიოს ერთ–ერთი გამორჩეული სახე ფრანგულად მოსაუბრე ფერადკანიანი დიჯეია...
– ლუსი წარმოშობით კენიიდან არის და ჩვენს რადიოში აფრიკულ მუსიკაზე საუბრობს, სხვათა შორის, უკვე ქართველების რძალია. მის გადაცემას, რა თქმა უნდა, მსმენელებიც ჰყავს.
– რუბრიკას „პერსონა“ ჰქვია. თქვენი აზრით, რა თვისებებია აუცილებელი საიმისოდ, რომ ადამიანი პიროვნებად, პერსონად იქცეს?
– პიროვნებად ადამიანს მის მიერ სწორად განვლილი გზა აქცევს. რთულია, გაუძლო იმ ცდუნებებს, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და ამ ცხოვრების მიერ დაგებულ მახეებს არ წამოეგო და უვნებლად გადალახო ყველა ბარიერი. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში მრავლად არიან ღირსეული ადამიანები, თქვენ თუ გნებავთ, მათ პერსონა დაარქვით..,
თეონა გოგნიაშვილი