ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი რეანიმაციის ანესთეზიოლოგია
ექიმი, რომელიც სამტრედიაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, “ჯეოჰოსპიტალის“ რეანიმაციის ანესთეზიოლოგია – ამის შესახებ „კვირას“ „ჯეოჰოსპიტალის“ დირექტორმა სოფო გასიტაშვილმა განუცხადა. სამართალდამცველებმა ექიმი კლინიკაში დააპატიმრეს.
მისივე თქმით, ბრალდებული სამტრედიის რაიონის „ჯეოჰოსპიტალში“ უკვე სამი წელია მუშაობს და ის 30 წლამდე მამაკაცია.
„დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცია. სახელს და გვარს ვერ დავასახელებ. ჩვენთან 2012 წლის 1 იანვრიდან მუშაობდა. მსგავსი ფაქტი აქამდე არ მახსოვს. მას ჰყავს ორი შვილი და მეუღლე. ის რეანიმაციაში, ანესთეზიოლოგიის განყოფილების თანამშრომელია“, – განაცხადა სოფო გასიტაშვილმა.
„კვირა“ სამტრედიის რაიონის „ჯეოჰოსპილატის“ მთავარ ექიმს დაუკავშირდა. როგორც ირაკლი ლაღიძემ განაცხადა, შემთხვევა კლინიკაში შაბათს მოხდა.
„აქამდე მსგავსი ფაქტი ჩვენს კლინიკაში არ ყოფილა. თვითონ ეს დაკავებული არის უპატიოსნესი, ძალიან პროფესიონალი, მოწოდებით ექიმი. შაბათს დააკავეს, ადვოკატიც ჰყავს და მიმდინარეობს გამოძიება. დაწორწინებულია, ჰყავს ორი შვილი და მეუღლე“, – განაცხადა მთავარმა ექიმმა ირაკლი ლაღიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიის რაიონში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული საავადმყოფო “ჯეოჰოსპიტალის” ექიმია. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა- გასაღებას გულისხმობს.
მარიამ ლომინაძე