უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზეა

   უკრაინის ოპოზიცია ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს. როგორც პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინულ მედიასთან განაცხადა, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ მოქალაქეებს შორის სისხლისღვრა თავიდან აიცილოს, თუმცა, მისივე თქმით, თუ მოვლენები დაიძაბა, სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს. უკრაინაში მოვლენები ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. წუხანდელი შეტაკებების შედეგად ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკოც დაშავებულია. ოფიციალური მონაცემებით, არეულობის შედეგად, დემონსტრანტებთან ერთად, დაშავებულია 70 სამართალდამცველი.1552829_700349666676547_848352890_n
აქციის მონაწილეებმა გასულ ღამეს “ბერკუტის” მებრძოლების ავტობუსები დაწვეს და პარლამენტსა და მთავრობის სახლში შეჭრა სცადეს, თუმცა სამთავრობო შენობებს მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი იცავდა. მედიის ცნობით, დემონსტრანტების საწინააღმდეგოდ მათ, წყლის ჭავლთან და რეზინის ხელკეტებთან ერთად, ტრავმატული იარაღი გამოიყენეს. უკრაინული “მე-5 არხი” ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ დააკავა გრუშევსკის მოედანზე სპეცრაზმმა აქციის ორი მონაწილე. ტელეარხის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ სპეცრაზმმა ისინი სცემა, გააშიშვლა, – 7 გრადუს ყინვაში ცივი წყალი მიასხა და აიძულა, ასე მისულიყვნენ გრუშევსკიდან ევრომოედნამდე, სადაც მათი თანამოაზრეების აქცია მიმდინარეობდა. უკრაინული ტელეარხის ინფორმაციით, ორივე ახალგაზრდა სასტიკად არის ნაცემი. ისინი უკვე გადაიყვანეს კლინიკაში. უკრაინის მოვლენებს თეთრი სახლი ეხმაურება. ვაშინგტონი ყველა მხარეს ვითარების დაუყოვნებლივ განმუხტვისკენ მოუწოდებს. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევში შექმნილი ვითარება უკრაინის ხელისუფლების მიერ ხალხის მოთხოვნების არაღიარების შედეგია.
„ვთხოვთ უკრაინის ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები ქვეყანაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონი, რომელსაც ხელი რამდენიმე დღის წინ მოეწერა, გამოიყვანოს სპეცრაზმი კიევის ცენტრიდან და დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან“, – ნათქვამია განცხადებაში. 1608421_700349670009880_306847966_n
„ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს დამატებით ნაბიჯებს, მათ შორის სანქციებს, განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ“, – აცხადებს თეთრი სახლი. უკრაინის ინტელიგენცია კი საპარლამენტო ოპოზიციას ერთიანი ლიდერის კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმებას სთხოვს. პეტიციას რამდენიმე გამომცემლობის რედაქტორი, ადამიანის უფლებათა დამცველები და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელები აწერენ ხელს.
„ამჟამინდელმა რეჟიმმა ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. მან პოლიტიკური კრიზისის სამართლებრივი და დემოკრატიული გადაწყვეტის გზა დაბლოკა. უკრაინასა და კრემლში არსებული რეჟიმების გეგმა ნათელია – უკრაინული დემოკრატიის განადგურება“, – ნათქვამია ტექსტში.
პეტიციის ავტორები ოპოზიციას სთხოვენ, არა პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატის, არამედ დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლთათვის ერთიანი ლიდერის დასახელება. „დადგა დრო, როდესაც ან ერთიანი კანდიდატი უნდა დაასახელოთ და უზრუნველყოთ, რომ მისი განკარგულებები შესრულდეს, ან დატოვოთ პოლიტიკური სცენა. საკმარისია ცარიელი ლოზუნგები“, – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები