თანამდებობის პირის დანაშაული შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა აღარ განიხილონ

„პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც თანამდებობის პირთა ბრალეულობის საკითხს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აღარ განიხილავს“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა.
ხმალაძის განმარტებით, კანონში შესატანი ცვლილების კომიტეტებში განხილვა იანვარში დაიწყება.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა. ხმალაძის განცხადებით, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ვერ იმუშავებს.
„შარშან შევიდა კოდექსში ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა, რომ სამოხელეო დანაშაულის საქმე უნდა განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ. ეს ეხებოდათ მოხელეებს, რომლებიც ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონში არიან ჩამოთვლილნი. იმ კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ახლახან შემოვიდა, ეს ნორმა უნდა გაუქმდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხელის დანაშაულს სასამართლო ნაფიცი მსაჯულების გარეშე განიხილავს. ამ საკითხის საკომიტეტო მოსმენა იანვარში გაიმართება. თვითონ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ მე უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, რადგან ვთვლი, რომ დანაშაულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პროფესიონალმა უნდა მიიღოს. ვფიქრობ, შეფასების გაკეთება განწყობის მიხედვით დაუშვებელია. ნაციფ მსაჯულებს იმის მიხედვით გამოაქვთ გადაწყვეტილება, თუ რომელი მხარე უფრო დამაჯერებელია, სპეციალისტი კი ხედავს, რა იყო ბრალდებისა თუ ბრალმდებლის გამოსვლის სიღრმეში. ნაფიც მსაჯულთა მიმართ ერთ-ერთი მოთხოვნა ისაა, რომ არ უნდა ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი. ისინი არ უნდა იყვნენ რაიმე კავშირში ბრალდების ან ბრალდებულის მხარესთან. საქართველოში ცოტა მეტხანს რომ ილაპარაკონ ადამიანებმა, ერთმანეთის ნათესავები აღმოჩნდებიან“,- განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები