ჩანთა და პარიკი – ზურაბ ჟვანიას საქმის ახალი დეტალები
საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ლევან ჩაჩუას დღევანდელ პროცესზე ბრალდების ერთ-ერთი მოწმის, გამომძიებელ კახა ჭუმბაძის დაკითხვისას დაცვის მხარე დაინტერესდა, ნახა თუ არა შემთხვევის ადგილზე ტყავის ჩანთა.
კახა ჭუმბაძემ, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე იმ პერიოდში საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ადგილზე ჩანთის არსებობა დაადასტურა, რის შემდეგაც ბრალდებულ ჩაჩუას ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ მას შეკითხვით მიმართა – იყო თუ არა ჩანთა დათვალიერებული და ნახა თუ არა ჩანთაში პარიკი. აღნიშნულზე მოწმემ უპასუხა, რომ ჩანთა დათვალიერების შედეგად ნანახი ჰქონდა. მოწმის ჩვენების მიხედვით, ჩანთა დათვალიერების გარეშე შეიფუთა და, აქედან გამომდინარე, არ ახსოვს, რა იდო ჩანთაში. ამ დეტალზე განმარტებას დაცვის მხარე ამ ეტაპზე არ აკეთებს.
როგორც ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ დღევადელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარე საკუთარ დასკვნით სიტყვაში განმარტავს აღნიშნული ჩანთის მნიშვნელობას. რაც შეეხება თავად ლევან ჩაჩუას, მან ამ საკითხზე საუბარი დახურულ სხდომაზე მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ სხდომის დახურვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული ჩანთის ირგვლივ კომენტარის გაკეთება არც საქმის პროკურორმა ისურვა. როგორც რევაზ ნადოიმ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ჩანთა ამ საქმეს არ ეხება და, შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს. ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 11.00 საათზე განახლდება.