მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილედ ნინო კობახიძე დაინიშნა
შსს–ს მომსახურების სააგენტოს ყოფილი უფროსი ნინო კობახიძე საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. კანცელარიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო კობახიძე სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის ადმინისტრაციად გარდაქმნისა და რესტრუქტურიზაციის პროცესს უხელმძღვანელებს, რომელიც მართვის ევროპულ მოდელზე გადასვლას ისახავს მიზნად.
“კანცელარიის რეორგანიზაცია დაეფუძნება ღია და საჯარო მმართველობის ევროპულ მოდელს. გატარდება მნიშვნელოვანი სტრუქტურულ- ფუნქციურ ცვლილებები, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებს შორის მეტ კოორდინაციასა და ეფექტურ მონიტორინგზე იქნება ორიენტირებული და მმართველობის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება“,- აღნიშნულია კანცელარიის პრესსაამსახურის ინფორმაციაში.