ირაკლი გოგავა: სააკაშვილის პროტეჟეების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში სააკაშვილისადმი პოროშენკოს ხარკია

სააკაშვილმა კლიჩკო “გადააგდო” და არჩევანი პოროშენკოზე გააკეთა, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საპარლამენტო ფრაქცია “ალიანსი – ახალი საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ, 2009-2010 წლებში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს პოლიტიკურმა კონსულტანტმა ირაკლი გოგავამ განაცხადა.
ყოფილი დეპუტატის განმარტებით, თავდაპირველად ამჟამად კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სთხოვა სააკაშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისთვის ლობირების გაწევა, თუმცა საბოლოოდ, სააკაშვილმა კლიჩკო “გადააგდო” და არჩევანი პოროშენკოზე გააკეთა.
“თუ გახსოვთ, უშუალოდ მაიდნის მოვლენების შემდეგ, 2013 წელს უკრაინაში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურად, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, სახელდებოდა ვიტალი კლიჩკო, პოროშენკოს კი 5-6 პროცენტამდე რეიტინგი ჰქონდა. ისიც გეხსომებათ, როგორ დაჰყვებოდა ვიტალი კლიჩკო მიშას კუდში, ხან კიევში, ხან თბილისსა და ევროპაში – საქმე ის არის, რომ თავიდან კლიჩკომ სთხოვა სააკაშვილს, მისთვის გაეწია ლობირება შტატებში, რათა კლიჩკო გამხდარიყო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი და მას ყველა შანსი ჰქონდა ამისთვის – ის იყო ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი მაიდნის ბანაკიდან. მაგრამ უეცრად ხდება დრამატული ცვლილება და ყველა რეიტინგსა თუ გამოკითხვაში პოროშენკო გადის პირველ ადგილზე. სწორედ ეს იყო სააკაშვილის წარმატებული ლობირების შედეგი – პრინციპში, მან კლიჩკო “გადააგდო” და კლიჩკოსა და პოროშენკოს შორის არჩევანი ოლიგარქზე გააკეთა. პოროშენკოსთვის კი სააკაშვილის ლობირება ფასდაუდებელი იყო – როდესაც გაქვს კონფლიქტი რუსეთთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა”, – აღნიშნავს ყოფილი დეპუტატი.
მისი თქმით, სააკაშვილის პროტეჟეების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში არის სააკაშვილისადმი პრეზიდენტ პოროშენკოს ხარკი. მისივე განმარტებით, სააკაშვილმა პოროშენკოსგან ხარკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული ლობირებისთვის მიიღო.
“უნდა გავაანალიზოთ, როგორ მოხდა ხელისუფლების ცვლილება უკრაინაში – სამწუხაროდ, ისევ დატრიალდა კარუსელი და ერთი ოლიგარქიული კლანი მეორემ ჩაანაცვლა. სააკაშვილის პროტეჟეების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში არის პოროშენკოს ხარკი, გაღებული სააკაშვილისადმი, რომელმაც გაუწია მას ლობირება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა ის დასახელებულიყო საპრეზიდენტო კანდიდატად”, – აცხადებს გოგავა.
ირაკლი გოგავას თქმით, პოროშენკოსა და სააკაშვილს ერთობლივი ბიზნესაქტივობების გამოცდილებაც აქვთ.
“თუ გავიხსენებთ უვარგის ავტობუს “ბოგდანს”, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ პოროშენკოსგან შეიძინა. ავტობუსები არ გამოირჩეოდა ხარისხით, მაგრამ იმის გამო, რომ პოროშენკოს ქარხანაში მზადდებოდა, საქართველოს ბიუჯეტს აყიდვინეს”, – განმარტავს გოგავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები