დავით მათიკაშვილი – გახარიას პარტიაზე: უკადრებელი იკადრეს

“ყველამ, როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ, საკუთარი ქცევის პროცესებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 26 ივნისს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას პარტიამ უკადრებელი იკადრა.

„ცხადია, საზოგადოებას ყველამ მოვუხადეთ ბოდიში. იმ ზღვარსგადასულ ქცევას არა მხოლოდ იმ დღეს, არამედ ამ ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის თუ ფრაქციის, პარლამენტში შემოსვლის დღიდან ვაკვირდებოდით – რაღაც მოგიჟიანებული ლექსიკა, აბსოლუტურად გაუგებარი, შეგნებულად შეურაცხმყოფელი ტექსტით გაჯერებული – არ დასჯერდნენ ამ ყველაფერს და უკადრებელი იკადრეს, როდესაც საკუთარ კოლეგაზე თავდასხმა, პირდაპირ ხელის მოქნევა და გარტყმა მოხდა. ეს კარგად დაინახა ყველამ. შემდეგ დედის შეგინებამ, ხელის გარტყმამ და ა.შ. გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა ყველამ, როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ, საკუთარი ქცევის პროცესებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, ამ მოცემულობაში ვინ გადადგა ის ნაბიჯი, რომელმაც წითელი ხაზები გადალახა. სწორედ წითელი ხაზების გადამლახავი იყო ის, ვინც გარდა იმ ცინიკური ლექსიკისა, რომლითაც გამოირჩევიან ეს ადამიანები პარლამენტში, პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა, რასაც ცხადია, სამწუხაროდ მოჰყვა ის შედეგი, რაც მოჰყვა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები