გიგი უგულავას მომდევნო სასამართლო პროცესი 13 იანვარს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილსერვის“ ჯგუფში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დასაქმების საქმეზე დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დასრულდა.
დღვანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. ორივე მათგანი სასამართლოს ექსპერტი იყო. მათ დაადასტურეს, რომ გამოძიების მასალებიდან გამომდინარე, „თბილსერვის“ ჯგუფში და თბილისის რეაბილიტაციის ფონდებში, ერთი და იგივე ხალხი იყო დასაქმებული.
„დაადასტურეს ის ფაქტი, რომ თბილისის განვითარების ფონდში და მანამდე „თბილსერვის“ ჯგუფში ფიქტობრივად გაფორმებულები იყვნენ თანამშრომლები და რეალურად ეს პირები წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებს, რაც ადასტურებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ისინი გაფორმებულები იყვნენ ფიქტიურად და სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ ღებულობდნენ თანხას“, – განაცხადა პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ.
დედაქალაქის მერის მომდევნო პროცესი 13 იანვარს გაიმართება.