საქართველოს პრეზიდენტმა 84 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 84 მსჯავრდებული შეიწყალა. მსჯავრდებულთა შეწყალების მორიგ აქტს პრეზიდენტმა ხელი დღეს მოაწერა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, 63 მსჯავრდებული, რომელთაგან ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
რაც შეეხება დანარჩენ 21 მსჯავრდებულს, მათ დარჩენილი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდათ. დარჩენილი 21 მსჯავრდებულიდან 1 ქალია, ხოლო 4 – არასწრულწლოვანი.
ზვიად ქორიძის განცხადებით, 22-24 დეკემბერს კომისიამ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა და 493 საქმე განიხილა, რის შემდეგაც პრეზიდენტს სია გადაეგზავნა.
რაც შეეხება დანაშაულის ტიპს, ძირითადად, საუბარია თაღლითობაზე, ასევე ქურდობაზე, სხეულის დაზიანებასა და ნარკოტიკული ტიპის დანაშაულზე.