პროკურატურამ შესაძლოა, ახალაიას მეორე ადვოკატიც დააკავოს
გიორგი ონიანის შემდეგ, შესაძლოა, პროკურატურამ ბაჩო ახალაიას კიდევ ერთი ადვოკატი – რომეო საჯაია დააკავოს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. საჯაია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამეგრელო-ზემო სვანეთში პროკურორად მუშაობდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანო რომეო საჯაიას მისი პროკურორობის დროს ზუგდიდის უნივერმაღის მესაკუთრეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ედავება.
სს “ზუგდიდის ვაჭრობის” აქციები 2006 წელს თორნიკე ცხადაიამ, დავით როგავამ და თამაზ ქანთარიამ შეიძინეს. მათი განცხადებით, როლანდ ახალაიას მითითებით, რომეო საჯაიამ ეს ქონება იძულებით დაათმობინათ. დაზარალებულები ამბობენ, რომ საქმეს უკვე იძიებს პროკურატურა. მოწმეები ამბობენ, რომ ჩვენებები თავის დროზე იძულებით მიაცემინეს. რომეო საჯაიას წინააღმდეგ საქმე თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლითაა აღძრული და, შესაბამისად, არაა გამორიცხული, უახლოეს ხანში დააკავონ.